ტექდათვალიერება

რა შეიძლება დაუჯდეს საქართველოს მოსახლეობას ტექდათვალიერების აღდგენა

2018 წლის იანვრიდან საქართველოს მთავრობა ქვეყნის 1.2 მილიონი ავტომფლობელისთვის ახალი რეგულაციის, ტექდათვალიერების ამოქმედებას გეგმავს. რეფორმა ჯერ კიდევ სამუშაო პროცესშია, თუმცა ეკონომიკის მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, 2018 წლიდან ის აუცილებლად ამოქმედდება. 

ტაბულამ ეკონომიკის სამინისტროსგან გამოითხოვა ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა კრიტერიუმების გავლა მოუწევთ ავტომობილებს, რა სანქციები იქნება დაწესებული, რა ეღირება ტესტირება და სხვა, თუმცა სამინისტრო ამ დროისთვის რეფორმის უმეტეს დეტალებს არ ასაჯაროებს.

რეფორმის აღწერა:

ეკონომიკის სამინისტროსგან მიღებული ინფორმაციით, მთავარი კრიტერიუმები, რომლითაც ავტომობილები შემოწმდებიან ასე გამოიყურება:

"სამუხრუჭე სისტემის გამართულობა, სავალი ნაწილის გამართულობა, მაშუქების გამართულობა, გამონაბოლქვის შემადგენლობა და სხვა."

სამინისტრო ზუსტი ტექნიკური რეგლამენტის გასაჯაროებას თვის ბოლოს გეგმავს.

1) რა ეღირება ტესტირება

"ინსპექტირების ფასთან დაკავშირებით ამ ეტაპისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ აუცილებლად დადგინდება ფასის მინიმალური და მაქსიმალური ზღვარი, თუმცა, სავარაუდოდ, მსუბუქი ავტომობილის ინსპექტირება დაახლოებით 60 ლარის ფარგლებში იქნება",- ამბობენ სამინისტროში.

2) ყველა ავტომობილს მოუწევს ტესტირების გავლა მომდევნო ორი წლის განმავლობაში

"2018 წლის პირველი იანვრიდან ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირება (პტი) ქვეყანაში განხორციელდება ეტაპობრივად, რათა მაქსიმალურად გავითვალისწინოთ ავტომობილების მფლობელთა ინტერესები. შესაბამისად, ინსპექტირებას გაივლის საქართველოს მთელი ავტოპარკი მომდევნო ორი წლის განმავლობაში - 2019 წლის ბოლომდე.

ამ ეტაპისთვის უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ავტომობილები, რომლებიც პირველად გაივლიან ტექნიკურ ინსპექტირებას 2018 და 2019 წლებში, მომდევნო ორი წლის განმავლობაში გათავისუფლდებიან ტექნიკური ინსპექტირების გავლის ვალდებულებისგან, ხოლო ორი წლის გასვლის შემდეგ ავტომფლობელებისთვის ამოქმედდება საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებული წესი: 4 წლამდე ავტომანქანებისთვის ინსპექტირება არ იქნება საჭირო, 4-დან 6 წლამდე - ორ წელიწადში ერთხელ, ხოლო 6 წლის ზემოთ ასაკის ავტომანქანებისთვის -ყოველწლიურად"- ამბობენ სამინისტროში, ზუსტი გრაფიკი თუ რა ტიპის ავტომობილებს როდის მოუწევთ დათვალიერების გავლა ოქტომბრის ბოლოს გაირკვევა.

3) სანქციები და გამოსასწორებელი ვადები:

"ყველა ავტომფლობელს, რომლის სატრანსპორტო საშუალებასაც ინსპექტირების გავლის დროს აღმოაჩნდება ისეთი ხარვეზი, რაც ეწინააღმდეგება დადგენილ მოთხოვნებს, მიეცემა გონივრული ვადა (სავარაუდოდ, ერთთვიანი) პრობლემის მოსაგვარებლად. გამკაცრდება ინსპექტირების მოწმობის არქონის შემთხვევაში არსებული საჯარიმო სანქციები", - ამბობენ სამინისტროში.

რა დაუჯდება საქართველოს მოსახლეობას აღნიშნული რეფორმა:

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაში რეგისტრირებულია 1.19 მილიონი ავტომობილი. მათი უმეტესი ნაწილი მოძველებულია. სტატისტიკის მიხედვით, ავტომობილების 90% (1.08 მილიონი ავტომობილი) 10 წელზე დიდი ხნის წინაა გამოშვებული, მათი 46.1% (550 ათასი ავტომობილი) კი 20 წელზე ძველია. 

გამოშვების წლების მიხედვით ავტომობილების ზუსტი სტატისტიკა:

  • 1-დან 3 წლამდე - 15 ათასი ავტომობილი, მთლიანი რაოდენობის 1.2%
  • 4-დან 6 წლამდე - 27 ათასი ავტომობილი, მთლიანი რაოდენობის 2.2%
  • 7-დან 10 წლამდე - 63.8 ათასი ავტომობილი, მთლიანი რაოდენობის 5.3%
  • 11-დან 20 წლამდე - 450 ათასი ავტომობილი, მთლიანი რაოდენობის 45%
  • 20+ წლის - 550 ათასი ავტომობილი, მთლიანი რაოდენობის 46.1%

მოძველებული ავტოპარკი კი ნიშნავს, რომ ავტომფლობელებს ტესტირების წარმატებით გავლისთვის გარკვეული დანახარჯების გაღება მოუწევთ, რაც მათთვის ტესტირების ღირებულებასთან (სავარაუდოდ 60 ლართან) ერთად დამატებით დანახარჯს წარმოადგენს.

რეფორმის ამოქმედების შემდეგ 1.19 მილიონი ავტომობილის ტესტირებაზე გაყვანა (60 ლარის მოსაკრებლის შემთხვევაში) 71.6 მილიონი ლარი დაჯდება. ეს ნიშნავს რომ ავტომობილის მხოლოდ ტესტირებაზე მიყვანა საქართველოს მოქალაქეებს თითქმის 72 მილიონი ლარი დაუდჯებათ.

რეფორმა მოსახლეობას საკუთარი ავტომობილის მინიმალურ ტექნიკურ მოთხოვნებამდე გამართვას ავალდებულებს, ეს კი ნიშნავს რომ მათ სხვადასხვა სახის ტექნიკურ შეკეთებებზე მილიონობით ლარის დახარჯვა მოუწევთ.

წარმოგიდგენთ ტექდათვალიერების მთლიანი საზოგადოებრივი დანახარჯის პირობით კალკულაციას. მოდელირება ეფუძნება დაშვებას რომ პირველად ტესტირებაზე:

  • 1-დან 3 წლამდე ავტომობილების 100% წარმატებით გაივლის ტესტირებას
  • 4-დან 6 წლამდე ავტომობილების 95% წარმატებით გაივლის ტესტირებას
  • 7-დან 10 წლამდე ავტომობილების 85% წარმატებით გაივლის ტესტირებას
  • 11-დან 20 წლამდე ავტომობილების 75% წარმატებით გაივლის ტესტირებას
  • 20+ წლის ავტომობილების 70% წარმატებით გაივლის ტესტირებას
  • ტესტირების წარმატებით გავლის საშუალო მაჩვენებელი 74% 

ავტომობილებს, რომლებიც პირველად ტესტირებაზე მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებენ მიეცემათ სავარაუდოდ ერთთვიანი ვადა, რათა ტექნიკური ხარვეზები გამოასწორონ და ხელახალ ტესტირებაზე გავიდნენ.

ხელახალი ტესტირებისთვის მომზადება ავტომფლობელთათვის დამატებით ხარჯს წარმოადგენს (სერვისცენტრში მიყვანის ხარჯები და დრო რომელიც ავტომობილის შეკეთებასთანაა დაკავშირებული, რადგანაც ამ პერიოდში ავტომფლობელები ავტომობილს ვერ იყენებენ). 

იმ შემთხვევაში თუ ერთი ავტომობილის შეკეთების გასაშუალოებული ღირებულება 500 ლარი იქნება, მოსახლეობისთვის "ჩაჭრილი" ავტომობილების შეკეთების ხარჯები ასე გამოიყურება:

პირობითი ხარჯები მოცემულია ავტომობილის გამოშვების წლების ჯგუფების მიხედვით:

  • 1-დან 3 წლამდე ავტომობილები - 0 ლარი
  • 4-დან 6 წლამდე ავტომობილები - 676 ათასი ლარი
  • 7-დან 10 წლამდე ავტომობილები - 4.8 მილიონი ლარი
  • 11-დან 20 წლამდე ავტომობილები - 67.2 მილიონი ლარი
  • 20+ წლის ავტომობილები - 82.6 მილიონი ლარი
  • საერთო ღირებულება - 155.2 მილიონი ლარი

ეს კი ნიშნავს, რომ მხოლოდ ამ დაშვებით მოსახლეობას ჯერ 72 მილიონი ლარის დახარჯვა მოუწევს ტესტირების გავლაზე, ხოლო მათ შემდგომ შეკეთებაზე 155 მილიონი ლარის ხარჯის გაწევა. ეს კი ჯამში 226 მილიონ ლარს შეადგენს.

ეს კალკულაცია არ შეიცავს იმ დანახარჯებს რომლებიც დაკავშირებულია ხელახალი ტესტირების წარუმატებლობით გავლასთან, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ავტომობილებს მოძრაობის უფლება შეეზღუდებათ. მოძრაობის უფლების გარეშე კი ასეთი ავტომობილების ღირებულება მკვეთრად შემცირდება. მეტიც, მათი სრულად ჩამოწერაც კი შეიძლება მოხდეს. ამ სახის ხარჯებმა შესაძლოა, ათობით მილიონ ლარს გადააჭარბოს. 

რეფორმა მოსახლეობას საკუთარი ავტომობილების შეკეთებისკენ უბიძგებს, რაც ავტოსერვისზე მოთხოვნის ზრდას გამოიწვევს, რის შედეგადაც შესაძლოა, სერვისის ღირებულება გაიზარდოს. 

ავტოტრანსპორტის პერიოდული ტექნიკური ტესტირების შემოღების ვალდებულება საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აიღო. ტექდათვალიერების აღდგენაზე ქართული ოცნების ხელისუფლება მესამე წელია საუბრობს და ის უკვე რამდენჯერმე გადაიდო. თავდაპირველად მისი აღდგენა 2015 წლის მარტში იგეგმებოდა.

2015 წელს ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) ჩაატარა მოსახლეობის აზრის კვლევა ტექდათვალიერების აღდგენასთან დაკავშირებით, სადაც საქართველოს მასშტაბით გამოკითხულთა 68%-მა განაცხადა, რომ ტექდათვალიერების აღდგენა დადებითი ცვლილება იქნება. 

კომენტარები