აზიური ფაროსანა

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით იმერეთში 38 838 ოჯახს პრეპარატები გადაეცემა

ირაკლი კაკულია

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, იმერეთის რეგიონს 38 838 ლიტრი პრეპარატი გადაეცა.

უწყებაში აცხადებენ, რომ პრეპარატები მოსახლეობას დაურიგდება სამტრედიის, ვანის და ხონის მუნიციპალიტეტებში, სადაც მავნებლის გავრცელება აღინიშნება. ერთ ოჯახზე ერთი ლიტრი პრეპარატი და ფერომონია (მოსაზიდი ხაფანგი) განსაზღვრული.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, პრეპარატებთან ერთად მოსახლეობას გადაეცემა მათი გამოყენების ინსტრუქცია და რეკომენდაციები. მოსახლეობისთვის პრეპარატების გადაცემას ადგილობრივი მუნიციპალიტეტები უზრუნველყოფენ.

უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ სახელმწიფოს მიერ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, პრეპარატების და ფერომონების გადაცემა დაახლოებით 230 ათასი ოჯახისთვის არის დაგეგმილი და დარიგების პროცესი უკვე მიმდინარეობს სამეგრელოს, გურიის და აჭარის მუნიციპალიტეტებში.

აზიური ფაროსანა, იგივე აზიური ბაღლინჯო, მავნებელია, რის გამოც დასავლეთ საქართველოში მრავალი ოჯახი თხილის, სიმინდის და ბოსტნეულის მოსავლის გარეშე დარჩა. საფრთხე ციტრუსოვან კულტურებსაც ემუქრება. მხოლოდ თხილის დაზიანებისგან მიყენებული ზარალი, უხეში გათვლებით, 60 მილიონ ლარს აღემატება. მთავრობის სოფლის მეურნეობის გუნდში ვითარება საგანგაშოდ შეაფასეს და მასთან ბრძოლაში ავიაციაც კი ჩართეს. სურსათის უვნებლობის სააგენტოს ცნობით, ავიაციის მეშვეობით სამეგრელოსა და გურიის რეგიონებში 20 ათასამდე ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მასივი დამუშავდება. მთლიანობაში, ამ დროისთვის უკვე 82 ათასი ჰექტარი თხილის ფართობია შეწამლული. აზიური ფაროსანა ამ დროისთვის მხოლოდ დასავლეთ საქართველოშია გავრცელებული, თუმცა, მისი ქართლსა და კახეთში გავრცელების საფრთხეც არსებობს.

მავნებელმა თხილის ექსპორტი უკვე შეამცირა 60%-ით.

ვრცლად აზიური ფაროსანას, მისი გავრცელების, შეწამვლის წესებისა და მასთან ბრძოლის შესახებ იხილეთ ტაბულას სტატია "უშედეგო ბრძოლა მავნებელთან და მოსახლეობა შემოსავლის გარეშე".

კომენტარები