თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი

ეროვნული არქივი ოპერისა და ბალეტის თეატრის სპექტაკლების ჩანაწერებს შექმნის

www.opera.ge

ეროვნული არქივი თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სპექტაკლების აუდიო-ვიდეო ჩანაწერებს შექმნის.
 
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს დღეს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა და დირექტორმა ბადრი მაისურაძემ და ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა მოაწერეს ხელი.

"მემორანდუმის ფარგლებში ეროვნული არქივი საოპერო და საბალეტო სპექტაკლების ჩანაწერებს საკუთარ ფონდებში შეინახავს. მკვლევართა დარბაზის მეშვეობით მასალა ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის", - აცხადებენ არქივში.

გარდა ამისა, ოპერის თეატრი არქივს გადასცემს სპექტაკლების აფიშებს, პროგრამებს და ყველა სხვა მედიამასალას.

"ამით, ერთი მხრივ, გაიზრდება ოპერის სახელმწიფო თეატრის დოკუმენტების დაცულობა და, მეორე მხრივ, გამდიდრდება ოპერისა და ბალეტის თეატრის საარქივო ფონდი, რომელსაც ეროვნული არქივი ინახავს", - აცხადებენ ეროვნულ არქივში.

მათივე ინფორმაციით, არქიტექტორ ლერი მეძმარიაშვილის ინიციატივითა და ოპერის თეატრის სახელით ეროვნულ არქივს გადაეცემა 1974-79 წლების თბილისის ოპერის თეატრის შენობის აღდგენა-რესტავრაციის სრული საარქივო მასალა (გეგმები, ნახაზები, კონცეფცია და სხვა დოკუმენტაცია).

კომენტარები