თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი

ოპერისა და ბალეტის ხელმძღვანელის პოსტზე ივერის კანდიდატურა არ განიხილება

fb.com/tamar.iveri

კულტურის სამინისტროს პრესსამსახური ტაბულასთან საუბარში უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე თამარ ივერის კანდიდატურა განიხილება. ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ არც ოპერისა და ბალეტის თეატრის პრესსამსახურში.

ტაბულა შეეცადა თამარ ივერთან ინფორმაციის გადამოწმებას, თუმცა ის ჩვენს ზარებს არ პასუხობს.

კულტურის მინისტრის მიხეილ გიორგაძის თქმით კი, "ამ თანამდებობაზე ძალიან ბევრი კანდიდატურა განიხილება ამიტომ, ვეცდებით, ოპტიმალური შევარჩიოთ". კითხვაზე, განიხილება თუ არა თამარ ივერის კანდიდატურა, მინისტრი არ პასუხობს და აღნიშნავს, რომ ოპერისა და ბალეტის ახალი სამხატვრო ხელმძღვანელის ვინაობა მალე გახდება ცნობილი.

მიხეილ გიორგაძემ ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი თანამდებობიდან 26 ივლისს გაათავისუფლა. კულტურის მინისტრის თქმით, თეატრის დირექტორმა ალექსანდრე მოწონელიძემ გათავისუფლების შესახებ განცხადება თავად დაწერა, დავით კინწურაშვილის შესახებ კი, მინისტრმა გათავისუფლების განკარგულება გასცა.

აღსანიშნავია, რომ ოპერის 300-კაციანი დასიდან 180-მდე ადამიანი რამდენიმე კვირის განმავლობაში მოითხოვდა დავით კინწურაშვილის თანამდებობიდან გადაყენებას. მათ შორის იყო ოპერის მომღერალი თამარ ივერი, რომელმაც კინწურაშვილის გათავისუფლებამდე კულტურის მინისტრს საკუთარ fb გვერდის საშუალებით მიმართა. თამარ ივერმა წერილში კინწურაშვილი "უკურნებელ სიმსივნედ" მოიხსენია და განაცხადა, რომ თუ იგი არ გათავისუფლდებოდა დაკავებული თანამდებობიდან, იქნებოდა "საკაცეები და სისხლისღვრა" და საზოგადოებაში საპროტესტო ტალღა გაათმაგდებოდა".

კომენტარები