საკონსტიტუციო ცვლილებები

კობახიძე: შეგვიძლია, ჩვენი ინიციატივით გავმართოთ რიგარეშე სხდომა ხვალ, 14:01 სთ-ზე

პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტი უფლებამოსილია, რიგგარეშე სხდომაზე 26 სექტემბერს შეიკრიბოს. კობახიძის განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტს შესაბამისი წერილობითი მოთხოვნით 24 სექტემბერს, 14:01-ზე, ელექტრონული საქმისწარმოების სისტემის მეშვეობით მიმართა.

„ვადებს რაც შეეხება, მოთხოვნა გავაგზავნეთ ელექტრონული საქმის წარმოების სისტემის მეშვეობით. ეს მოთხოვნა 14:01 წუთზე გაიგზავნა. კონსტიტუციაში წერია, რომ ვადები იანგარიშება მოთხოვნის გაგზავნიდან. შესაბამისად, გაგზავნის ფაქტს აქვს იურიდიული მნიშვნელობა. ჩვენ შეგვიძლია, ჩვენი ინიციატივით შევიკრიბოთ სამშაბათ დღეს 14:01 სთ-ზე. ეს არის რეალური მოცემულობა“,- თქვა ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის უფროსსა და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს შორის კომუნიკაცია შედგა.

"ჩვენ ვთხოვეთ, რომ წერილობითად ჩაგვებარებინა ეს დოკუმენტი პრეზიდენტისთვის, თუმცა, იქიდან იყო პასუხი, რომ შაბათ-კვირას პრეზიდენტი არ მუშაობს. ეს იყო პასუხი, რაც ბუნებრივია, არის ბავშვობა და ამაზე დამატებითი კომენტარის გაკეთება არ შეიძლება. მათ ჰქონდათ იმედი, რომ იურიდიულად შეაფერხებდნენ სამშაბათს სხდომის გამართვას, თუმცა, იურიდიულად ჩვენ გვაქვს სრული უფლება, პარლამენტი არის უფლებამოსილი, რომ 14:01 სთ-ზე დაიწყოს პლენარული სხდომა“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

საქართველოს პრეზიდენტი რიგგარეშე სხდომის დანიშვნაზე უარს ამბობს. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის თქმით, ეს არის პრეზიდენტის პოლიტიკური აქტი. 

პრეზიდენტის მიერ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის აქტი გამოიცემა წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან 48 საათის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, პარლამენტი უფლებამოსილია, მომდევნო 48 საათის განმავლობაში შეიკრიბოს.

კომენტარები