ეკონომიკური ზრდა

პრემიერი: მომდევნო წლებში 7%-იანი და უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა გვექნება

საქართველოს მთავრობა

გაეროს ტრიბუნიდან საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პერსპექტივებზე ისაუბრა. კვირიკაშვილის დაპირებით წელს მთავრობა სამიზნე 5%-იან ზრდას მიაღწევს, მომდევნო წლებში კი ზრდა "7% და უფრო მაღალი იქნება".

"საქართველოში ინვესტირების წახალისების მიზნით, ჩვენ განვახორციელეთ ამბიციური საგადასახადო რეფორმა, რომელიც გულისხმობს მოგების გადასახადის გაუქმებას გაუნაწილებელ შემოსავლებზე და საგადასახადო ადმინისტრირების სისტემის ლიბერალიზაციას. ჩვენი მოლოდინით, წელს მიღწეული იქნება 5-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა, ხოლო შემდგომ წლებში 7-პროცენტიანი და კიდევ უფრო მეტი ზრდა",- ამბობს კვირიკაშვილი.

საინტერესოა, რომ 7%-იანი და უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდის დაპირება პრემიერმინისტრმა პირველად გასცა. 

ამ დაპირების ფონზე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზი საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე ბევრად უფრო დაბალია. მეტიც, სავალუტო ფონდმა (IMF) და მსოფლიო ბანკმა 2017 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.2%-იდან 3.5%-მდე შეამცირეს, გრძელვადიანი ზრდის პროგნოზი კი 5.5%-ს არ აღემატება.

სავალუტო ფონდის მონაცემებით, საქართველოსთვის მომდევნო წლების ეკონომიკური პროგნოზი ასე გამოიყურება:

  • 2017 - 3.5%
  • 2018 - 4%
  • 2019 - 4.5%
  • 2020 - 5%
  • 2021 - 5.5%
  • 2022 - 5.5%

რაც შეეხება 2017 წლის ზრდას, საქსტატს ამ დროისთვის მხოლოდ პირველი შვიდი თვის ეკონომიკური ზრდა აქვს დათვლილი. საქსტატის მონაცემებით წელს ზრდა 4.4%-ს შეადგენს, ეს კი მთავრობის მიერ ბიუჯეტით განსაზღვრულ საპროგნოზო 5%-იან ზრდას 0.6%-ით ჩამორჩება.

2016 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 2.8% შეადგინა, მთავრობა 2.7%-იანი ზრდის მიღწევას გეგმავდა.

საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2010 წლიდან მოყოლებული საშუალოდ 6.1%-ს შეადგენდა, თუმცა, 2013 წლიდან მისი ტემპი დამუხრუჭდა და დაგეგმილი 6%-ის ნაცვლად 3.3% შეადგინა. 2014 წელს მთავრობას 5%-იანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა, ეკონომიკური მაჩვენებლების გაუარესების გამო, მან 0.4%-ით ნაკლები შეადგინა. 2015 წელს კი, ეკონომიკური ზრდა 2.8% იყო, რაც მთავრობის გეგმას 0.8%-ით ჩამორჩებოდა.

კომენტარები