სასამართლო

ფადი ასლი: სასამართლოს გადაწყვეტილება არაკონსტიტუციურია და მას გავასაჩივრებ

ტაბულა

"ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება არის არაკონსტიტუციური, რადგან ის ეწინააღმდეგება კონსტიცუციით მინიჭებულ აზრისა და გამოხატვის თავისუფლებას", - წერს საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე ფადი ასლი. 

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე ფადი ასლის მოსამართლისთვის ზიანის ანაზღაურების სახით 3 000 ლარის ჯარიმა დააკისრა.

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძემ მიიღო ორი გადაწყვეტილება კომპანიების ფილიპ მორისისა და ბრითიშ ამერიქან თობაქოს წინააღმდეგ, რომელიც ითვალისწინებდა კომპანიების ერთობლივად 138 მილიონი აშშ დოლარით დაჯარიმებას. საინტერესოა, რომ გადაწყვეტილებები ეყრდონობოდა კანონის იმგვარ ინტერპრეტაციას, რომელიც სასამართლო პრაქტიკაში საერთოდ არ არსებობდა. კაკაბაძის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკისა და ნეგატიური შეფასებების შემდეგ სააპელაციო სასამართლომ გააუქმა.  

ამ გადაწყვეტილებების გამო კაკაბაძეს ფადი ასლიმ კორუმპირებული უწოდა, რის შემდეგაც კაკაბაძემ ფადი ასლის უჩივლა და მისგან მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის 20 000 ლარს ითხოვდა, თუმცა სასამართლომ ზიანი 3 000 ლარად შეაფასა.

ფადი ასლის შეფასებით, მის დაჯარიმებაზე სასამართლოს გადაწყვეტილება არაკონსტიტუციურია და ის მოსახლეობის დაშინებას ისახავს მიზნად.

"ვერც თბილისის საქალაქო სასამართლოს, ვერც სააპელაციო სასამართლოს და ვერც უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ვერ შეცვლის ჩემს აზრს იმის თაობაზე, რომ მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე კორუმპირებული მოსამართლეა.

კორუმპირებული მოსამართლეების მიმართ ხელის დაფარების ნაცვლად, საქართველოს სასამართლო სისტემამ უნდა გაწმინდოს სასამართლოები არაკეთილსინდისიერი ელემენტებისგან, რათა სასამართლოს მიმართ აღდგეს ნდობა და პატივისცემა.

მოსამართლე კაკაბაძის ღირსება დაიკარგა სწორედ იმ დღეს, როცა მან მიიღო კორუმპირებული გადაწყვეტილება კომპანიების "ფილიპ მორისისა" და "ბრითიშ ამერიქან თობაქოს" საქმეებზე. ვლადიმერ კაკაბაძის მსგავსი მოსამართლეები ციხეში უნდა ისხდნენ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ პრეცედენტულ გადაწყვეტილებად მოხსენიებული სასამართლო დადგენილების მიზანია საქართველოს მოქალაქეებს შეეშინდეთ კრიტიკული მოსაზრების გამოთქმა, როგორც კორუმპირებული მოსამართლეების მიმართ, ასევე კორუმპირებულ სისტემაზე.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება არის არაკონსტიტუციური, რადგან ის ეწინააღმდეგება კონსტიცუციით მინიჭებულ აზრისა და გამოხატვის თავისუფლებას.

ჩვენ, რა თქმა უნდა, გავასაჩივრებთ დღევანდელ გადაწყვეტილებას ყველა ზედმგომ ინსტანციაში, ასევე ყველა ადგილობრივი რესურსის ამოწურვის შემდეგ მივმართავთ სტრასბურგის სასამართლოს", - საკუთარ facebook-ზე წერს ასლი.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს იურისტის გიორგი ბერაიას შეფასებით, ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ საკუთარი უცოდინრობა გამოავლინა, რადგანაც არგუმენტები, რომლებსაც გადაწყვეტილება ეყრდნობა უსაფუძვლოა.

კომენტარები