ვენესუელა

ნიკოლას მადურო: სარკეში რომ ვიხედები, მგონია, რომ სტალინს ვგავარ

Reuters

პრეზიდენტი, რომელმაც ეკონომიკური კრიზისის გამო ერთი კვირის წინ მოსახლეობას კურდღლების ჭამისკენ მოუწოდა საკუთარ თავს სტალინს ამსგავსებს.

ნიკოლას მადურომ კვირას ღამით გასულ გადაცემა "კვირის შეჯამება მადუროსთან ერთად"-ში განაცხადა, რომ პროფილში სტალინს ჰგავს. 

"მსოფლიოში არსებობენ ადამიანები, რომლებიც კარიბის ზღვის რეგიონის სტალინს მიწოდებენ და მე მართლაც ვგავარ. შემომხედეთ პროფილში, სარკეში რომ ვიყურები, მეც მგონია, რომ სტალინს ვგავარ", - ამბობს მადურო.

ნიკოლას მადუროს შეფასებით, ვენესუელაში არსებული უმძიმესი ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური კრიზისი დასავლეთის "მტრული ქვეყნების"მოწყობილია, სინამდვილეში კი კრიზისის მიზეზი საყოველთაო კორუფცია და არასწორი ეკონომიკური პოლიტიკაა. 

კურდღლების კამპანია ქვეყანაში ხორცის დეფიციტთან ბრძოლას უკავშირდება. მადუროს თქმით, კურდღლები კურდღლებივით მრავლდებიან, შესაბამისად აღნიშნული პროგრამა იაფი ხორცის წარმოებისთვის გამართლებულია.

ნიკოლას მადურომ დაახლოებით ერთი თვის წინ საკანონმდებლო უფლებები ჩამოართვა ქვეყნის პარლამენტს და ის მისი მხარდამჭერებით დაკომპლექტებულ "საკონსტიტუციო ასამბლეას" გადასცა. 

უფლებების ჩამორთმევას ქვეყნის პარლამენტი ეწინააღმდეგება და მას უკანონოს უწოდებს. ამავდროულად, დედაქალაქის ქუჩებში საპროტესტო აქციები გრძელდება. მოსახლეობა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და რეჟიმის შეცვლას მოითხოვს. გაზაფხულიდან დღემდე საპროტესტო აქციებს 143 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ვენესუელურმა ბოლივარმა 2016 წელს 800%-იანი ინფლაცია განიცადა, 2017 წლის პროგნოზი კი დაახლოებით 1600%-ია. ვენესუელაში უკვე წლებია მთელ რიგ სამომხმარებლო პროდუქტებზე, როგორიცაა რძე, ხორცი, კვერცხი, დეფიციტი შეინიშნება. სამომხმარებლო საქონლის დეფიციტის მიზეზი საკანონმდებლო და არასაკანონმდებლო ბარიერებია, რომელთა გამოც ქვეყნის კერძო სექტორი ბაზარს სათანადო რაოდენობის პროდუქციით ვერ ამარაგებს.

ამის მიუხედავად კი ქვეყანა კვლავ ინარჩუნებს ბენზინზე სუბსიდიას. მსოფლიოში ყველაზე იაფი ნავთობი ვენესუელაშია, სადაც ერთი ლიტრი ბენზინის ყიდვა 1 ცენტად არის შესაძლებელი. 1998 წელს ვენესუელის სოციალისტურმა მთავრობამ საწვავზე სუბსიდია შემოიღო, მასზე ყოველწლიურად ნავთობის ექსპორტისგან მიღებული შემოსავლის დიდი ნაწილი იხარჯება. 

კომენტარები