აზიური ფაროსანა

უშედეგო ბრძოლა მავნებელთან და მოსახლეობა შემოსავლის გარეშე

აზიური ფაროსანა, იგივე აზიური ბაღლინჯო, მავნებელია, რის გამოც სამეგრელოსა და გურიაში მრავალი ოჯახი თხილის, სიმინდის და ბოსტნეულის მოსავლის გარეშე დარჩა. საფრთხე ციტრუსოვან კულტურებსაც ემუქრება. მხოლოდ თხილის დაზიანებისგან მიყენებული ზარალი, უხეში გათვლებით, 60 მილიონ ლარს აღემატება. მთავრობის სოფლის მეურნეობის გუნდში ვითარება საგანგაშოდ შეაფასეს და მასთან ბრძოლაში ავიაციაც კი ჩართეს. სურსათის უვნებლობის სააგენტოს ცნობით, ავიაციის მეშვეობით სამეგრელოსა და გურიის რეგიონებში 20 ათასამდე ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მასივი დამუშავდება. მთლიანობაში, ამ დროისთვის უკვე 82 ათასი ჰექტარი თხილის ფართობია შეწამლული. აზიური ფაროსანა ამ დროისთვის მხოლოდ დასავლეთ საქართველოშია გავრცელებული, თუმცა, მისი ქართლსა და კახეთში გავრცელების საფრთხეც არსებობს.

სამეგრელოს მცხოვრებლები ამბობენ, რომ მათ ფაროსანასთან ბრძოლისთვის ყველაფერი გააკეთეს, მაგრამ მავნებელს საკუთარი ძალებით ვერ გაუმკლავდნენ. მოსახლეობა ზარალის დათვლასა და კომპენსაციას ითხოვს. ზუგდიდში გამართულ საპროტესტო აქციაზე შეკრებილმა დაზარალებულებმა ისიც თქვეს, რომ თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, სამეგრელოში თვითმმართველობის არჩევნებს ჩაშლიან.


ფოტო: რადიო ათინათი

“ევროპული საქართველოს” ზუგდიდის მერობის კანდიდატი და საპარლამენტო უმცირესობის წევრი, დეპუტატი ლელა ქებურია ამბობს, რომ კომპენსაციის მოთხოვნა ლეგიტიმურია, რადგან ფაროსანას წინააღმდეგ სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებები სათანადო არ იყო.

“მიუხედავად იმისა, რომ ვეთანხმები გარემოს დაცვის სამინისტროსაც და სპეციალისტებსაც, რომ ამ მავნებელთან ბრძოლა რთულია, ფაქტია, რომ ის ღონისძიებები, რაც გატარდა, არ არის ეფექტიანი. სამეგრელოში ფაროსანა არ შემცირებულა, ზარალი კი მაქსიმალურია. ხელისუფლების ბრალეულობა არის თუ არ არის, ამაზე მსჯელობა უკვე დაგვიანებულია, ახლა მთავარია იმ ადამიანებს ვუშველოთ, ვინც დაზარალდა. აქ არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ მოსავალი შემცირდა, არა, ის მთლიანად განადგურდა, თხილის გაყიდვიდან მიღებული თანხა ამ ხალხისთვის ერთადერთი შემოსავალი იყო. როცა ოჯახს მთელი წლის ბიუჯეტი ამ შემოსავალზე აქვს გათვლილი, გამოდის, რომ ამ წელს ამ ადამიანებს შიმშილისთვის ვწირავთ. ამიტომ, ვითხოვთ კომპენსაციას. ვიცი, რომ სუბსიდირებისა და კომპენსაციის სახელმწიფოსთვის მოთხოვნა სწორი არ არის, მაგრამ ამ ეტაპზე მივიჩნევ, რომ ეს ლეგიტიმური მოთხოვნაა”, - ამბობს ქებურია.

რას აზიანებს და როგორ ვრცელდება აზიური ფაროსანა

აზიური ფაროსანა მავნებელი მწერია, რომელიც 300-მდე სახეობას ანადგურებს, როგორც თხილს, ასევე სხვა თესლოვან და კურკოვან ხეხილს, კენკრას, ბოსტნეულ კულტურებს. განსაკუთრებულ ზიანს ატამს, ვაშლს, მსხალს, ჟოლოს, პომიდორს, წიწაკას, მზესუმზირას და სიმინდს აყენებს.

მწერები საქართველოში პირველად 2015 წელს გამოჩნდნენ და წელს გავრცელების უწინდელზე გაცილებით დიდი მასშტაბი შეიძინეს. მავნებელი სწრაფად მრავლდება - 1 მწერი დაახლოებით 200 კვერცხს დებს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ზამთრის ძილიდან გამოსული აზიური ფაროსანა აპრილის ბოლოდან გამრავლებას იწყებს. 4-5 დღეში მოწითალო მატლები ჩნდებიან, მალევე კი 12-17 მილიმეტრის სიგრძის განიერ, ყავისფერ მავნებლებად იქცევიან.

მავნებელი ფოთლის, ყლორტისა და ნაყოფის წვენით იკვებება. ძლიერი ხორთუმის მეშვეობით ხვრეტს ახალშემოსული თხილის ნაჭუჭს, ათხელებს ნაყოფის შიგთავსს, წოვს და მასში ლპობად ლაქებს წარმოქმნის. ფაროსანა გადასაზამთრებლად საცხოვრებელ ბინებში შედის. ძვრება ნაპრალებში, სხვენზე, კარებისა და ფანჯრის ღრიჭოებში; ასევე ბაღებსა და ტყეში ჩამოცვენილი ფოთლების სქელი ფენის ქვეშ და ხეების ფუღუროებში. იძინებს აპრილამდე.


ფოტო: ირაკლი კაკულია


ფოტო: საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაცია

საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აგრო კონსულტანტი, დემეტრე ლიპარტია ამბობს, რომ აზიური ფაროსანა, საქართველოში, სავარაუდოდ, სოჭის ოლიმპიადის შემდეგ შემოვიდა. სოჭში ის, სავარაუდოდ ოლიმპიური ქალაქის მშენებლობისას აზიიდან შეტანილ მცენარეებს შეჰყვა, რის შემდეგაც მავნებელი ჯერ აფხაზეთში, შემდეგ კი სამეგრელოში გამრავლდა. ლიპარტიას თქმით, საქართველოს ზღვისპირეთსა და აზიის რამდენიმე ქვეყანაში ერთნაირი, სუბტროპიკული კლიმატია, რაც მავნებლის გამრავლებას ხელს უწყობს.

როგორ ებრძვის მავნებელს მოსახლეობა


გურიასა და სამეგრელოში ფართობები სურსათის ეროვნული სააგენტოს და ადგილობრივი თვითმმართველობების დახმარებით ერთხელ შეიწამლა. მოსახლეობა მავნებელს საკუთარი ძალებითაც ებრძვის, თუმცა, უშედეგოდ. მოსახლეობის ნაწილი, რომელთათვისაც თხილი შემოსავლის ერთადერთი წყარო იყო, მოსავლის გარეშე დარჩა.

ზუგდიდის სოფელ კახათში მცხოვრები ირაკლი კაკულია ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ცდა არ დააკლო, მაგრამ მოსავალი მაინც გაუნადგურდა. კაკულიამ წინა წლებში 7-8 ტონა თხილი აიღო, წელს კი მხოლოდ 200 კილოს შეგროვება შეძლო.

“ერთხელ შეწამლეს, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ღამით აივანზე ვანთებ შუქს, კედლებზე წამალი მაქვს წასმული. წამალი მწერს კლავს. 1 შეწამლა 10 დღე მოქმედებს. აქ ყველას ვუთხარით, რომ ასე მოიქცნენ. ბევრი აკეთებს კიდეც. არ არის ცუდი ხერხი, მაგრამ 1 ლიტრი 70 ლარი ღირს. პრეპარატის კი არა, საჭმლის ფული ჭირს. მე 3000 ლარი დავხარჯე შეწამვლაზე, თხილის გაყიდვით კი 500 ლარიც ვერ ავიღე. წამლობა შველის სოკოვან დაავადებებს და ფაროსანასაც, მაგრამ ძალიან ბევრჯერ უნდა შეიწამლოს და ამას მოსახლეობა ვერ ახერხებს. ოჯახები, რომლებიც მხოლოდ თხილზე იყვნენ დამოკიდებული, დღეს უსახსროდ დარჩნენ. ამბობენ, სკოლებში ვერ გავუშვებთ ბავშვებსო. 50 პროცენტს საერთოდ არ აუღია მოსავალი. ვინც აიღო, 50 თეთრად, მაქსიმუმ ლარად ჩააბარა. თქვენ წარმოიდგინეთ, დამხმარეებს მისცეს თანხა, რომ შეეგროვებინათ და თხილი საერთოდ ვერ ჩააბარეს. ხილი და სიმინდიც გაანადგურა. წიწაკა, პომიდორი, კიტრი, აბსოლუტურად ყველაფერი”, - ამბობს ირაკლი კაკულია.


ფოტო: ირაკლი კაკულია


ნინია პაჭკორია, რომელსაც მეურნეობა ხობის რაიონის სოფელ პირველ მაისში აქვს, ასევე გვიყვება, რომ მისი მოსავალიც სრულიად განადგურდა.

“ერთია, რომ მე ჩემით ვწამლავ პატარა ტერიტორიას, მაგრამ საფრთხე სულ არის. როდემდე უნდა ვწამლო ყოველ დღე. თან, მთლიან ტერიტორიასაც ვერ ვერევი. ზოგადად ტერიტორია ძალიან დიდია და მთლიანად ვერტმფრენის გარეშე ვერც ვერავინ შეწამლავს. წარმოიდგინე, ტყე არის შესაწამლი და ხელით ვერაფერს გააკეთებ. წელს ჩვენი თხილი არაფრად ვარგა, გასაყიდად კი არა, პირს ვერ დააკარებ”, - ამბობს დაზარალებული.

როგორია აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საერთაშორისო გამოცდილება

დემეტრე ლიპარტიას დამაიმედებელი პროგნოზი არ აქვს. მისი თქმით, ქვეყანას მავნებლის სწრაფად დამარცხება გაუჭირდება.

“ამერიკაში 10 წლიანი ბრძოლის შემდეგ მისი პოპულაცია მხოლოდ 30-დან 50 პროცენტამდე შემცირდა. ილუზია, რომ ჩვენი მთავრობის რესურსით ამ მავნებელს ერთ წელიწადში მოვერეოდით, არ უნდა გვქონოდა”, - ამბობს ლიპარტია

როგორ უნდა გაგრძელდეს ფაროსანასთან ბრძოლა

დემეტრე ლიპარტიას თქმით, მავნებელთან ბრძოლაში მოსახლეობის კიდევ უფრო გააქტიურება აუცილებელია. ის ფერმერებს კონკრეტულ რეკომენდაციებსაც აძლევს. ლიპარტია ამბობს, რომ უმჯობესია ფერმერი არა ფაროსანას განადგურებაზე, არამედ მოსავლის დაცვაზე იყოს ორიენტირებული და ამისთვის ბაღები მინიმუმ სამჯერ შეწამლოს.

“თუ წვიმაა, წამალი ტოქსიკურობას 2 კვირა ინარჩუნებს, მზიან ამინდებში კი 25 დღის განმავლობაში. თუ საკუთარი ფართობი შეწამლეთ, მაგრამ მეზობელმა ვერა, მათგანაც რომ გადმოვიდეს მავნებელი, მოსავალს ზიანს ვერ მიაყენებს, პირიქით, განადგურდება. ორიენტირი მოსავლის დაცვისკენ უნდა ავიღოთ.

წამლობის კულტურა აღმოსავლეთ საქართველოში უფრო დიდია, ვიდრე სამეგრელოში. მაგალითად, კახელი ფერმერები ვაშლა ატამს, რომელიც თხილზე გაცილებით იაფია, რამდენჯერმე წამლავენ. თხილის შეწამვლაც მინიმუმ სამჯერ არის საჭირო. სახელმწიფო შეეცდება ფაროსანა აღმოფხვრას, მაგრამ ყველას ვურჩევ, არავინ იყოს მხოლოდ სახელმწიფოს იმედზე”, - ამბობს ლიპარტია.

შეწამვლის წესები

სურსათის ეროვნული სააგენტო ფერმერებისთვის გასცემს რეკომენდაციებს, როგორ უნდა შეიწამლოს ფართობები:

  • პესტიციდების გამოყენებისას აუცილებელია  დაცვის ინდივიდუალური საშუალებები – სპეცტანსაცმელი, სპეცფეხსაცმელი, რესპირატორი, აირწინაღი, დამცავი სათვალე და ხელთათმანი. შესხურებისას აკრძალულია თამბაქოს მოწევა, საკვების მიღება. პესტიციდების გამოყენების წინ დახურეთ სასმელი წყლის ჭები, დაამწყვდიეთ ფრინველი, საქონელი, შეზღუდეთ ფუტკრის ფრენა.
  • შეწამლული პროდუქტის საკვებად გამოყენება დაუშვებელია წამლობიდან 18-20 დღის განმავლობაში.
  • წამლობა ტარდება უქარო ამინდში დილას ან საღამოს, ან ღრუბლიან ამინდში შუადღის საათებში.
  • არ შეიძლება ქიმიური პრეპარატების გამოყენება ღია წყალსაცავებისა და წყალსატევების სიახლოვეს.

კომენტარები