პირდაპირი უცხოური ინვესტიციები

2017 წლის მეორე კვარტალში საქართველოში ჩადებული უცხოური ინვესტიციები 14%-ით შემცირდა

REUTERS

2017 წლის იანვარ-მარტში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) სახით $346 მილიონი შემოვიდა, რაც 2016 წელთან შედარებით 14.3%-ით ნაკლებია. ამის შესახებ საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. რაც შეეხება წლის პირველ ნახევარს, ამ პერიოდში ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების სახით $751 მილიონი ჩაიდო, რაც წინა წელთან შედარებით 5%-ით ნაკლებია.

სტატისტიკის მიხედვით, საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანა აზერბაიჯანია, რაც პირველ რიგში ქვეყანაში შაჰ-დენიზის მილსადენის მშენებლობის პროექტს უკავშირდება. აზერბაიჯანულმა მხარემ 2017 წლის 6 თვეში საქართველოში $224 მილიონი ჩადო, რაც წინა წელთანმ შედარებით 20%-ით ნაკლებია. 

2017 წლის პირველ 6 თვეში საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების რეიტინგი:

  • აზერბაიჯანი - $224 მილიონი, კლება წინა წელთან 20%
  • თურქეთი - $120 მილიონი, ზრდა წინა წელთან 35%
  • დიდი ბრიტანეთი - $112 მილიონი, ზრდა წინა წელთან 13%
  • ნიდერლანდები - $63 მილიონი, ზრდა წინა წელთან 178%
  • აშშ - $29.3 მილიონი, ზრდა წინა წელთან 15%
  • პანამა - $29 მილიონი, ზრდა წინა წელთან 1%
  • ჩინეთი - $17.1 მილიონი, ზრდა წინა წელთან 1325%
  • დანარჩენი ქვეყნები - $150 მილიონი, კლება წინა წელთან 33%

უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების სიაში მოხვდა ოფშორული ზონაც (პანამა), ქართული ბიზნესები ოფშორებს ხშირად რეინვესტირებისთვის იყენებენ. მსხვილი ქართული კომპანიების ნაწილი (ბორჯომი, აზოტი და სხვა) ევროკავშირის ტერიტორიაზეა რეგისტრირებული, შესაბამისად მათი ბრუნვის ნაწილი ინვესტიციებად აღიქმება. რეინვესტიციების დონემ 2017 წლის პირველ ნახევარში $355 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც აღნიშნულ პერიოდში მთლიანი უცხოური ინვესტიციების 47% იყო.

ეკონომიკის სექტორების მიხედვით, საინვესტიციოდ ყველაზე მეტი მიმზიდველობით ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა გამოირჩევა, აქ წლის პირველ ნახევარში $271 მილიონი ჩაიდო. $125 მილიონით შემდეგ ადგილზე სამშენებლო სექტორია.

აღნიშნულ პერიოდში ენერგეტიკაში $25.9 მილიონის ინვესტიცია ჩაიდო, რაც 2016 წლის მაჩვენებელთან შედარებით 63%-ით ნაკლებია.

კომენტარები