ლარის გაუფასურება

Bloomberg-ის სისტემაში დოლარის ღირებულება 2.49 ლარი გახდა

bloomberg.com

5 სექტემბრის ვაჭრობა ეროვნული ვალუტისთვის გაუფასურებით დაიწყო. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ამ დროისთვის ერთი დოლარის ღირებულება 2.49 ლარამდე გაიზარდა, რაც ვაჭრობის დაწყებისას არსებულ 2.45-ს 4 თეთრით აღემატება. სავარაუდოდ, აღნიშნული ზრდა სებ-ის ოფიციალურ კურსზეც იმოქმედებს.

რაც შეეხება ოფიციალურ კურსს, გუშინ დადგენილი კურსის მიხედვით, ერთი დოლარი 2.45 ლარი ღირს, რაც წინა კურსთან შედარებით 1.1 თეთრით მეტია.

ლარი ევროსთან მიმართებითაც უფასურდება. ოფიციალური კურსით ერთი ევროს ღირებულება 2.91 ლარამდე გაიზარდა. ეს 2017 წლის 7 იანვარს დაფიქსირებულ ევროს ღირებულების ისტორიულ მაქსიმუმთან შედარებით მხოლოდ ორი თეთრით ნაკლებია.

ლარი ევროსთან მიმართებით აპრილის შემდეგ უფასურდება. დოლართან მიმართებით კი დაახლოებით 4 თვის განმავლობაში 2.38-2.41-ის ფარგლებში ინარჩუნებდა სტაბილურობას, თუმცა ახლა დოლართანაც გაუფასურების ტრენდი შეინიშნება.

ოფიციალური კურსი, რომელსაც ეროვნული ბანკი აცხადებს Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დადებული გარიგებების შედეგად გენერირდება. ამ სისტემაში კერძო ბანკები და რამდენიმე მიკროსაკრედიტოცაა ჩართული. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა დღეისთვის ვაჭრობის ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე და უსაფრთხო სისტემაა.

კომენტარები