ე.წ ციანიდის საქმე

ე.წ ციანდის საქმის განაჩენს ბრალდება, მოტივის ნაწილში, სააპელაციოში გაასაჩივრებს

მთავარი პროკურატურა
პროკურატურა

პროკურატურა დეკანოზ გიორგი მალაძის საქმეზე სასამართლოს განაჩენს მოტივის ნაწილში დასაბუთებული განაჩენის ჩაბარების შემდგომ სააპელაციო წესით გაასაჩივრებს. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ე.წ ციანდის საქმეთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება არის გახმოვანებული და აღნიშნულია, რომ პროცესზე განხილული მტკიცებულებებით დეკანოზის ბრალეულობა დადგინდა.

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ საქართველოს საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილემ და შპს „საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი მამალაძემ განიზრახა ძლიერმოქმედი მომწამლავი ნივთიერების გამოყენებით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა. 2017 წლის 2 თებერვალს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, შორენა თეთრუაშვილთან და სხვა პირებთან ერთად სამკურნალოდ გაემგზავრა გერმანიაში. გიორგი მამალაძემ უმოკლეს ვადაში შეიძინა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის ჩასადენად განკუთვნილი 0,8740 გრამი მომწამლავი ნივთიერება ,,ნატრიუმის ციანიდი“-ს შემცველი ფხვნილი. 2017 წლის 10 თებერვალს გერმანიაში გამგზავრებამდე - თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იგი დაკავებულ იქნა სამართალდამცველების მიერ, ხოლო მისი ბარგის დათვალიერებისას ამოღებულ იქნა ფარულად შენახული, მკვლელობის ჩასადენად განკუთვნილი მომწამლავი ნივთიერება ,,ნატრიუმის ციანიდი."- წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ მამა გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადებაში დამნაშავედ ცნო და მას 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა დეკანოზის ბრალდება - ანგარებით მკვლელობის მომზადება გადაუკვალიფიცირა და განზრახ მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ. ამასთან, დამამძიმებელი გარემოება მოუხსნა. ბესიკ ბუგიანიშვილმა მოტივად ანგარების ნაცვლად, შურისძიება დაასახელა.

პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა. გამოძიების მტკიცებით, მამალაძე თეთრუაშვილის ციანიდით მოწამვლას ცდილობდა და ამას ანგარებით აკეთებდა. დეკანოზს 10 თებერვლის შემდეგ, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.

კომენტარები