ე.წ ციანიდის საქმე

სასამართლომ მამა გიორგი მამალაძეს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

ნეტგაზეთი

თბილისის საქალაქო სასამართლომ მამა გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადებაში დამნაშავედ ცნო და მას 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლო სხდომას არ ესწრებოდა.

მოსამართლემ გიორგი მამალაძეს ბრალდება - ანგარებით მკვლელობის მომზადება გადაუკვალიფიცირა და განზრახ მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ. ამასთან, დამამძიმებელი გარემოება მოუხსნა. ბესიკ ბუგიანიშვილმა მოტივად ანგარების ნაცვლად, შურისძიება დაასახელა.

პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა. გამოძიების მტკიცებით, მამალაძე თეთრუაშვილის ციანიდით მოწამვლას ცდილობდა და ამას ანგარებით აკეთებდა. დეკანოზს 10 თებერვლის შემდეგ, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.

კომენტარები