თამარ მეარაყიშვილი

ქარტია ხელისუფლებას: გამოიყენეთ ყველა რესურსი თამარ მეარაყიშვილის დასახმარებლად

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ახალგორელი აქტივისტისა და ნეტგაზეთის ფრილანსერი ჟურნალისტის თამარ მეარაყიშვილის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო განცხადებას ავრცელებს. 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებით, თამარ მეარაყიშვილი ამბობს, რომ მას ადვოკატის მომსახურებისთვის საჭირო თანხა არ აქვს და სასწარაფოდ ესაჭიროება ფინანსური დახმარება. 

ქარტია საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს, გამოიყენოს ყველა რესურსი აქტივისტის დასახმარებლად, რადგანაც მათი თქმით "სწორედ ხელისუფლებას ევალება საკუთარი მოქალაქის დაცვა და მის უსაფრთხოებაზე ზრუნვა".

მეარაყიშვილი ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სამართალდამცავებმა 16 აგვისტოს დააკავეს და 18 აგვისტოს გაათავისუფლეს. 

მას ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო სამართალდამცველებმა უთხრეს, რომ ე.წ პროკურატურაში დაკითხვაზე ხვალ ისევ უნდა გამოცხადდეს. 

ინტერპრესნიუსის ცნობით, სამოქალაქო აქტივისტმა მხოლოდ დე ფაქტო რეჟიმის პროკურატურაში შეიტყო, რომ ბრალი ედება ე.წ პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის პარტიის წევრის, სპარტაკ დრიაევის მიმართ "ცილიმსწამებლური ინფორმაციის" გავრცელებაში.

ოჯახის ინფორმაციით, თამარ მეარაყიშვილის ცხინვალში გადაყვანის პარალელურად, ე.წ სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო სამართალდამცველებმა ახალგორში, დაკავებულის სახლიც გაჩხრიკეს.

აღსანიშნავია, რომ 2017 წლის 8 ივნისს ჟურნალისტი დაკითხვისა თუ დაშინების მიზნით ახალგორიდან ოკუპირებულ ცხინვალში გაიტაცეს. საერთაშორისო მხარეების ჩართულობამ შედეგი გამოიღო და ის ისევ საკუთარ სახლში დააბრუნეს. თამარ მეარაყიშვილის გატაცების საკითხი ჟენევაში საერთაშორისო დისკუსიების მორიგი რაუნდის დროსაც განიხილეს. 

მეარაყიშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდსა და "ეხო კავკაზასთან" რესპონდენტის სტატუსით ხშირად წერდა და საუბრობდა რაიონის პრობლემებზე, მათ შორის მარიონეტ ხელმძღვანელ პირთა ქმედებებზე. 

კომენტარები