თამარ მეარაყიშვილი

გაგლოევი მეარაყიშვილზე: ჩხრეკისას ბრალის დამადასტურებელი მასალა ამოვიღეთ

ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დეფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი
gdb.org

ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტმა, ალან გაგლოევმა განაცხადა, რომ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული საქართველოს მოქალაქის, თამარ მეარაყიშვილის წინააღმდეგ საგამოძიებო ღონისძიებებისას ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ბრალის დამადასტურებელი მასალა ამოიღეს.

"მიმდინარეობს გამოძიება და ამ საკითხთან დაკავშირებული ყველა მონაცემი საზოგადოებისთვის ცნობილია. არსებობს ფაქტები და დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს მის კავშირს მისთვის წარდგენილ ბრალდებასთან" - განაცხადა გაგლოევმა.

"თუ ვინმეს ბავშვებისთვის ახალი წლის გაფუჭება სურს, წავიდეს და პროტესტი თბილისის ცენტრში გამართოს" - თქვა გაგლოევმა.

"ის ხელისუფლების მისამართით, შეურაცხმყოფელი ტერმინების გამოყენებით, მკაცრ განცხადებებს აკეთებდა, რაც სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს. თუმცა, არც ადრე და არც ახლა მასზე ზეწოლის განხორციელება ჩვენი მიზანი არ ყოფილა. ნებისმიერ სხვა სახელმწიფოში მას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას დააკისრებდნენ" - აღნიშნა მან.

მარიონეტული რეჟიმის ერთ-ერთი მედიასაშუალება წერს, რომ პრეზიდენტმა ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სერტიფიკატი აჩვენა, რომელიც მეარაყიშვილისთვის ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ნაყოფიერი საქმიანობის სანაცვლოდ ევროპულ ვალუტაში ფულადი ჯილდოს გადახდას ასახავს.

გაგლოევის თქმით, ვინაიდან ის საქართველოს მოქალაქეა, მას შესთავაზეს უარი ეთქვა საქართველოს მოქალაქეობაზე სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის სასარგებლოდ, თუმცა მან ამაზე უარი განაცხადა.

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს ინტენსიური კომუნიკაცია.

კომენტარები