ტურიზმი

ეკონომიკის სამინისტრო: აბსურდულია GEM FEST-ის ხარვეზებთან ჩოგოვაძის დაკავშირება

ტურიზმის ადმინისტრაცია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი ჩოგოვაძის გათავისუფლებასთან დაკავშირებული განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება. 

"მითუმეტეს, აბსურდულია გიორგი ჩოგოვაძის Gem Fest-ის მიმდინარეობისას გამოვლენილ ხარვეზებთან დაკავშირება,"- აღნიშნულია განცხადებაში. 

მათი თქმით, ფესტივალს ჰყავს პასუხისმგებელი პირები, რომელთა შორისაც გიორგი ჩოგოვაძე არ არის. 

"გიორგი ჩოგოვაძე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას თითქმის 3 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობს. ამ პერიოდში საქართველომ ტურიზმის სფეროში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია როგორც საერთაშორისო, ისე შიდა ტურიზმის განვითარების მიმართულებით, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის როგორც სახელმწიფოს ტურიზმის სექტორში ჩართულ სხვადასხვა უწყებებს, ასევე კერძო სექტორს და, რა თქმა უნდა, ტურიზმის ადმინისტრაციას,"- წერია განცხადებაში. 

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიორგი ჩოგოვაძემ ელექტრონული მუსიკის ფესტივალ Gem Fest-ის ორგანიზებაში არსებული პრობლემების გამო თანამდებობა დატოვა. 

ელექტრონული მუსკის ფესტივალი Gem Fest-ი სახელმწიფომ 1.98 მილიონი ლარით დააფინანსა. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სრულად დაფარა პრაქტიკულად ყველა მაღალანაზღაურებადი DJ-ის გამოსვლა. თუმცა როგორც ირკვევა ერთთვიანი ფესტივალი კომერციულად წამგებიანი აღმოჩნდა, რის გამოც Gem Fest-ის ორგანიზატორებს დასაქმებულთა მიმართ ასობით ათასიანი დავალიანებები დაუგროვდა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ბიუჯეტი 2017 წლისთვის 52 მილიონი ლარითაა განსაზღვრული. ამ თანხით ადმინისტრაცია ორი ძირითადი მიმართულებით ხარჯავს თანხებს, ესენია საერთაშორისო ბაზრებზე საქართველოს პოპულარიზაციისთვის მარკეტინგული კამპანიების ორგანიზება და საქართველოში ტურისტებისთვის პოტენციურად მიმზიდველი ღონისძიებების დაფინანსება. ამ მხრივ ყველაზე მეტი თანხა პროექტ Check in Georgia-ზე მიდის.

გიორგი ჩოგოვაძე ტურიზმის ადმინისტრაციას 2014 წლიდან ხელმძღვანელობს. იქამდე აღნიშნულ პოსტზე Gem Fest-ის ორგანიზატორი გიორგი სიგუა მუშაობდა. 2014-ში სიგუას გადადგომა ელექტრონული მუსკის ფესტივალ კაზანტიპს უკავშირდებოდა. 

კომენტარები