კრიმინალი

ტაქსის მძღოლის დაყაჩაღება-გატაცებაში ბრალდებულებს 7 და 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ShutterStock

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ტაქსის მძღოლის დაყაჩაღებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ბრალდებულები ზ. ბ. და გ. ა. დამნაშავედ ცნო. ერთ მათგანს 7 წლით და 6 თვით, ხოლო მეორეს - 8 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა.

"დადასტურდა, რომ 2016 წლის 20 ნოემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, ზ.ბ. და წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი გ. ა., მცხეთის რაიონის სოფელ ძეგვის მიმდებარე ტერიტორიაზე, ყაჩაღურად თავს დაესხნენ ტაქსის მძღოლს რ. გ. - ს. თავდამსხმელებმა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობითა და მუქარით გასტაცეს მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა „ტოიოტა სიენტა“, ფულადი თანხა და სხვადასხვა ნივთები, შემდეგ კი ძალის გამოყენებით ხეზე მიაბეს, რითაც უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ." - აცხადებს მთავარი პროკურატურა.

სამართალდამცველებმა 2016 წლის 6 დეკემბერს ზ. ბ. ქალაქ ქუთაისში, ხოლო გ. ა. ლილოს დასახლებაში დააკავეს. მათ ბრალდება სსკ-ის 179-მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა ჯგუფურად, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ), 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით) წარედგინათ, ხოლო გ. ა. - ს დამატებით 179-მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (ყაჩაღობა ჩადენილი არაერთგზის) წარედგინა.

ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა ჰქონდათ შეფარდებული.

კომენტარები