ღვთისმშობლის კვართი

ღვთისმშობლის კვართის გამო, ზუგდიდისა და ხობის ეპარქიები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

radiotavisupleba.ge

დადიანების მუზეუმში დაცული ღვთისმშობლის კვართი ზუგდიდისა და ხობის ეპარქიებს შორის დაპირისპირების მიზეზად იქცა. ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლს სურს, რომ კვართი ერთი დღით, მოსალოცად, მარიამობის დღესასწაულისთვის, ხობის დედათა მონასტერში გადაიტანონ. შესაბამისი თხოვნით მან სინოდს წერილიც გაუგზავნა. ზუგდიდის ეპარქიაში კი ფიქრობენ, რომ კვართის ერთი დღის გადატანის მოთხოვნა, სინამდვილეში მის საბოლოოდ ხობის მონასტერში დატოვებას ემსახურება. დაპირისპირებაში მრევლიც ჩართულია.

ამ თემასთან დაკავშირებით, ზუგდიდის ადგილობრივი ეპარქიის რეზიდენციაში მეუფე გერასიმემ საგანგებო შეხვედრაც გამართა. მრევლსა და მღვდელმთავრებს შორის შეხვედრა დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდა. ზუგდიდის ეპარქიის მრევლი კვართის გადატანას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

ჯერჯერობით უცნობია საპატრიარქოს პოზიცია კვართის გადატანის საკითხთან დაკავშირებით. საპატრიარქოში ტაბულას ზარებს არ პასუხობენ. თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა ამ თემის გადასაწყვეტად სინოდის სხდომაც ჩაინიშნოს. სინოდმა გადაწყვეტილება მარიამობის დღესასწაულამდე უნდა მიიღოს, რომელიც 28 აგვისტოს აღინიშნება. 

რაც შეეხება კულტურის სამინისტროს, ისინი, როგორც ცნობილია, ღვთისმშობლის კვართის გადატანასთან დაკავშირებით საპატრიარქოს გადაწყვეტილებას ელოდებიან.

ღვთისმშობლის კვართის ზუგდიდიდან გადატანის თემა დაპირისპირების მიზეზი ადრეც გამხდარა. კვართის ერთი დღის ხობში გადატანას 2015 წელსაც ითხოვდნენ და ამ მოთხოვნას მაშინაც მრევლის პროტესტი მოჰყვა. თუმცა 2 წლის წინ საპატრიარქომ კვართის გადატანის ნებართვა არ გასცა.

კომენტარები