ვენესუელა

ვენესუელაში პრეზიდენტის მოწინააღმდეგე ამბოხებულებს ეძებენ

AP

ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს განცახდებით, ამ დროისთვის ვენესუელაში 10 ადამიანს ეძებენ, რომლებიც სამხედრო ბაზაზე თავდასხმის შემდეგ მიიმალნენ. თავდამსხმელები შეირაღებულები არიან.

შემთხვევა ქალაქ ვალენსიაში მოხდა. თავდასხმაში მონაწილე 20 პირიდან ორი მოკლეს, ერთი დაიჭრა, შვიდი კი დააკავეს. დაკავებულთა შორის არის, პირველი რანგის ლეიტენანტი, რომელიც დეზერტირია.

პრეზიდენტ მადუროს თქმით, ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა სწრაფი რეაგირება მოახდინეს მომხდარზე და სწრაფად აღკვეთეს თავდასხმა. მადუროს თქმით, სამხედრო გადატრიალების მცდელობა, ტერორისტული აქტი იყო, მცდელობაში მონაწილეები კი კრიმინალები არიან.

აღსანიშნავია, რომ შემთხვევამდე სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა ვიდეო, სადაც სამხედრო ფორმაში ჩაცმული მოქალაქეები აცხადებდნენ, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან მადუროს ტირანიას.

ვენესუელაში 2017 წლის გაზაფხულიდან ოპოზიციის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. დემონსტრანტები უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად, ქვეყნის პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს უფლებამოსილების გაფართოებასა და პარლამენტის ფუნქციების შემცირებას აპროტესტებდნენ.

30 ივლისს ვენესუელაში ნაციონალური დამფუძნებელთა კრების არჩევნები გაიმართა. არჩევნებში გამარჯვება მმართველმა გუნდმა მოიპოვა, თუმცა მათ გამარჯვებას ვენესუელის მოსახლეობის დიდი ნაწილისგან მორიგი საპროტესტო აქციები მოყვა. არჩევნების დღეს ვენესუელაში 11 ადამიანი მოკლეს. დაღუპულებს შორის სამი არასრულწლოვანია. 96 დემონსტრანტი კი დააკავეს.

კომენტარები