არჩევნები

ბრიტ. დეპუტატი: 16 წლისას დეპუტატთან სექსის უფლება გაქვთ, მისთვის ხმის მიცემის არა

flickr.com

ბრიტანეთის პარლამენტის წევრმა ქეთრინ სმიტმა გამოაქვეყნა სტატია "16 წლის ასაკში თქვენ დეპუტატთან სექსის უფლება გაქვთ, თუმცა მათ ხმას ვერ მისცემთ". სტატიაში სმიტი ტერესა მეის აკრიტიკებს, რადგანაც მან უარი თქვა ლეიბორისტული პარტიის ინიციატივაზე 16 წლამდე დაწუელიყო საარჩევნო ასაკი.

მინიმალური საარჩევნო ასაკის დაწევის შემთხვევაში დიდი ბრიტანეთის 1.5 მილიონ მოქალაქეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება გაუჩნდებოდა, რაც სმიტის შეფასებით, ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე დადებითად იმოქმედებდა. ამ მოთხოვნაზე ტერესა მეიმ განაცხადა - "ჩვენ გვსურს რომ მოსახლეობამ სწავლა და განათლების მიღება განაგრძოს 18 წლამდე და მე ვფიქრობ რომ ეს არჩევნებში მონაწილეობის მიღებისთვის სწორი ასაკია."

ქეთრინ სმიტი წერს, რომ ბრიტანული კანონმდებლობა 16 წლის მოქალაქეებს თავისუფლების საკმაოდ მაღალ დონეს ანიჭებს. "16 წლის მიღწევისას მოქალაქეებს უფლება უჩნდებათ გადაიხადონ გადასახადები, დაოჯახდნენ, გაწევრიანდნენ ჯარში, სწორედ ამიტომ წარვადგინეთ პროექტი, რომ საარჩევნო ასაკი შემცირდეს."

ერთ-ეთი გამონაკლისი ქვეყანა, რომელშიც 16 წელს მიღწეულ პირებს არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ შოტლანდიაა. აღნიშნული ცვლილება 2014 წლის დამოუკიდებლობის რეფერენდუმის წინ შევიდა ძალაში, რის შედეგადაც შოტლანდიის პარლამენტის და ადგილობრივი ხელისუფლების არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება 16 წლისებს მიეცათ.

სმიტი წერს, რომ "ეს ნაბიჯი ქვეყანაში მოსახლეობის საარჩევნო აქტივობას გაზრდის, რადგანაც შოტლანდიის რეფერენდუმზე 16-17 წლის მოსახლეობაში საარჩევნო აქტივობის დონე 75% იყო." სმიტის აზრით "თანამედროვე დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობისთვის აუცილებელია პოლიტიკამ ახალგაზრდების აზრიც გაითვალისწინოს, რათა მათ ადრეული ასაკიდანვე იგრძნონ რომ მათი შეხედულებები ქვეყნის შესახებ მნიშვნელოვანია."

ბრიტანული კანონმდებლობის მიხედვით, 16 წელს მიღწეულ პირს უფლება აქვს მასზე ასაკით უფროს პირთან ჰქონდეს სქესობრივი კავშირი. კანონის მიხედვით რამდენიმე გამონაკლისიც დგინდება ეს ის შემთხვევებია, როდესაც უფროს ადამიანს არასრულწლოვანზე პირდაპირი ზრუნვის ვალდებულება გააჩნია. ასეთი პირები არიან პედაგოგები, სოც. მუშაკები და სხვა.

კომენტარები