დღის ფოტო

გირჩმა 28 050 ყალბი ხელმოწერა ცესკოს ოფისთან ეტლით მიიტანა

Facebook/Iago Tertön Khvichia

პარტია გირჩმა 28 050 ყალბი ხელმოწერა ცესკოს ოფისთან ეტლით მიიტანა.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, იმისათვის, რომ პოლიტიკურმა პარტიამ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს, ცესკოს მინიმუმ 25 000 ხელმოწერა უნდა წარუდგინოს. 

პარტიის ერთერთი წევრი ნიკა ობოლაძე Facebook-ზე წერს, რომ ხელმოწერები ყველა ფორმალური წესის დაცვით არის შედგენილი, თუმცა რამდენიმე დღის წინ პარტიის ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ დააანონსა, რომ გირჩი ხელმოწერების გაყალბებას ღიად აპირებდა. მისი თქმით, ამით გააკეთებდნენ იმას, რასაც სხვა პოლიტიკური პარტიები წლების განმავლობაში ჩუმად აკეთებდნენ. 

"ჩვენ ამას გავაკეთებთ საჯაროდ, რომ თქვენთვის და ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის გასაგები და თვალსაჩინო იყოს, რა მარაზმი და იდიოტობაა ეს საარჩევნო პროცესი,"- თქვა ჯაფარიძემ. 

თავდაპირველად პარტია ხელმოწერების მოგროვებას ონლაინ სისტემით ცდილობდა, თუმცა მხოლოდ 7 000 ხელმოწერის შეგროვება შეძლო. პარტიის ლიდერების თქმით, ნამდვილი ხელმოწერები გაყალბებულ 28 050 ხელმოწერაში არ მოხვდება, რითიც მათ პატივისცემა გამოხატეს იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხელი მოაწერა მათ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. 

ხელმოწერების ღიად გაყალბებას გირჩმა რიგით მეორე "სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტი" უწოდა. პირველი 2016 წლის 31 დეკემბერს, ახალი წლის ღამეს ღიად მარიხუანას კულტივაცია იყო, რის გამოც, აქტის ორგანიზატორობის ბრალდებით, პარტიის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე 500 ლარით დააჯარიმეს. 

უცნობია, ამჯერად რა რეაქცია ექნება შინაგან საქმეთა სამინისტროს აღნიშნულ ქმედებაზე.

კომენტარები