აშშ-საქართველო

პენსი საქართველოზე: ჩვენ ვართ და ვიქნებით თქვენთან ერთად თავისუფლების დასაცავად

მაიკ პენსი

აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა საქართველოში ვიზიტის წინ თქვა, რომ მას საქართველოსთვის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის ერთი მარტივი გზავნილი აქვს. 

"პრეზიდენტმა ტრამპმა აღმოსავლეთ ევროპაში მარტივი გზავნილით გამომიშვა - ამერიკა უპირველეს ყოვლისა, არ ნიშნავს მხოლოდ ამერიკას,"- ამბობს მაიკ პენსი Fox News-თან ინტერვიუში ესტონეთში ყოფნის დროს. 

მისი თქმით, ბალტიისპირეთის ქვეყნებისთვის, საქართველოსა და მონტენეგროსთვის მას საერთო გზავნილი აქვს.

"ჩვენი გზავნილი ბალტიისპირეთის ქვეყნებისთვის, საქართველოსა და მონტენეგროსთვის ერთი და იგივეა. ჩვენს აღმოსავლეთ ევროპელ პარტნიორებს - ჩვენ ვართ თქვენთან ერთად, ჩვენ ვდგავართ თქვენთან ერთად თავისუფლების დასაცავად,"- აცხადებს აშშ-ის ვიცეპრემიერი. 

დღეს, 31 ივლისს საქართველოს აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსი, მეუღლესთან ერთად ეწვევა. პენსი თბილისში ქვეყნის პრემიერმინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მოწვევით ჩამოდის.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ხვალ, 31 ივლისს 19:00 საათზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართება. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, მეუღლესა და დელეგაციასთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლებს.

პირველ აგვისტოს კი, 10:15 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართება პრემიერ-მინისტრისა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის შეხვედრა, რის შემდეგაც, 11:15 საათზე, პრესისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება. 15:15 საათზე, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი სწავლება ღირსეული პარტნიორის მონაწილე სამხედროებს შეხვდება.

მაიკ პენსის ვიზიტი საქართველოში პირველ აგვისტოს დასრულდება.

კომენტარები