ელენე ხოშტარია

ხოშტარია: წინასაარჩევნოდ მერიაში შტატები გაიბერა

ტაბულა

ევროპული საქართველოს მერობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თბილისის მერიაში წინასაარჩევნოდ შტატები გაიბერა. ხოშტარიას თქმით, ახალი თანამშრომლების შენახვა მერიას წელიწადში 450 ათასი ლარი უჯდება. 

"მერია აგრძელებს ჩვენი მოქალაქეების ფულის გამოყენებას პოლიტიკური მიზნებისთვის და ფულის ფლანგვას. ჩვენ გავიგეთ, რომ ივნისიდან მერიამ დაიწყო მასიურად საარჩევნო სპეციალისტების და "პიარშიკების" აყვანა ძალიან მაღალი ანაზღაურებით. ეს არის ბევრად მეტი, ვიდრე საშუალოდ მერიის თანამშრომლის ხელფასი, რომელიც საშუალოდ 1300 ლარს იღებს. ცხადია, რომ ეს ადამიანები აჰყავთ საარჩევნოდ. დღეს იწყება ბიუჯეტის ცვლილებების განხილვა. როდესაც ამ ადამიანების ხელფასი ქალაქს დაუჯდება დაახლოებით ნახევარი მილიონი", - ამბობს ხოშტარია. 

ხოშტარიას თქმით, ამასთან ერთად მერიამ დაახლოებით 1 მილიონი ლარით შეამცირა 13 ივნისის სტიქიით დაზარალებული მოქალაქეებისთვის გამოსაყოფი კომპენსაციები. 

"როდესაც მერი გავხდები, ზუსტად ამას შევცვლით ფუნდამენტურად, შემცირდება ეს უსამართლო, პოლიტიკური და კორუფციული ხარჯები, ადამიანებს გაეზრდებათ პენსია 50 ლარით და ასევე სოციალური დახმარება 70 ლარით", - ამბობს ხოშტარია.

ევროპული საქართველოს ინფორმაციით მერიაში წინასაარჩევნოდ დასაქმდნენ:

იაგო კაჭკაჭიშვილი თვეში - 4 800 ლარი, ტატიანა დათუკაშვილი თვეში - 4 350 ლარი, მამუკა კავთელიშვილი თვეში - 4 350 ლარი, ნიკოლოზ ბერიაშვილი თვეში - 4 350 ლარი, ვახტანგ ჭედლიშვილი თვეში- 5 800 ლარი, თამარ ბოდოკია თვეში - 5 425 ლარი.

კომენტარები