19 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულ 22 წლის რობერტ ახალაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ელენე გოგოუაძემ გამოაცხადა. მოკლული და ბრალდებული ბიძაშვილ-მამიდაშვილი არიან.
პროკურორმა დანაშაულის დეტალებზე ისაუბრა, თუმცა, სავარაუდო მოტივი არ დაუსახელებია. ბრალდების მხარე ამბობს, რომ მოკლულს ყელთან რვა ჭრილობა დანით აქვს მიყენებული. პროკურორისვე თქმით, ბრალდებულმა ტანსაცმელი გამოიცვალა, დანა ჩაიდო და ფოთში თან წაიღო, იქ ჩასვლამდე კი მობილურის სიმ ბარათი გამოცვალა.
პოლიციამ ბრალდებული ფოთში დააკავა. დაცვის მხარის თქმით, ის პოლიციას თავისი ნებით გაჰყვა. ბრალდებულს საქმეზე ბევრი არ უსაუბრია, მან მოსამართლის კითხვის საპასუხოდ პოლიციაში გამოცხადებაზე თქვა, რომ ჩადენილის გააზრების მერე გადაწყვიტა პოლიციაში მისვლა.
22 წლის მამაკაცს განზრახ მკვლელობა ბრალდება და დამტკიცების შემთხვევაში 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.





