დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში ვლადიმირ პუტინმა და დონალდ ტრამპმა მეორე შეხვედრაც გამართეს, რომლის შესახებაც ცნობილი მხოლოდ დღეს გახდა.
BBC-ის ცნობით, შეერთებული შტატების და რუსეთის პრეზიდენტებმა ოფიციალური ვახშმის დასასრულს ერთი საათი ისაუბრეს და ამ შეხვედრას მხოლოდ ვლადიმირ პუტინის თარჯიმანი დაესწრო.
თეთრი სახლი შეხვედრას ადასტურებს, თუმცა არ აკონკრეტებს თემებს, რომლებიც პრეზიდენტებმა განიხილეს.
მეორე შეხვედრის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ამერიკულმა მედიამ გაავრცელა, რასაც შეერთებული შტატების პრეზიდენტის კრიტიკა მოჰყვა. დონალდ ტრამპმა ჟურნალისტები დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა და Twitter-ზე დაწერა, რომ შეხვედრა ფარული არ ყოფილა, რადგან მათი საუბარი დიდი ოცეულის ლიდერების თვალწინ შედგა.
ცნობისთვის, ვლადიმირ პუტინისა და დონალდ ტრამპის პირველი ოფიციალური შეხვედრა დიდი ოცეულის სამიტზე, 7 ივლისს გაიმართა.





