ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2017

კობახიძე: ქართული ოცნება ყველაფერს გააკეთებს, რომ არჩევნები მშვიდობიანად ჩატარდეს

ირაკლი კობახიძე
საქართველოს პარლამენტი

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მონიტორინგის ჯგუფი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება. უმრავლესობის წევრებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ქართული ოცნება მზად არის თანამშრომლობისთვის და ყველაფერს გააკეთებს არჩევნების დემოკრატიულად ჩასატარებლად.

„ჩვენ გამოვთქვით თანამშრომლობის სრული მზადყოფნა. გვქონდა საუბარი, რა თქმა უნდა, წინასაარჩევნო გარემოზე, სხვადასხვა თვალსაზრისით. ვთქვით, რომ ჩვენი მთავარი ამოცანაა, მაქსიმალურად იყოს დაცული კანონი, მაქსიმალურად მშვიდობიანად ჩატარდეს ეს არჩევნები და ამისთვის ქართული ოცნება ყველაფერს გააკეთებს“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

არჩევნების გამჭირვალედ ჩატარების აუცილებლობაზე ისაუბრა ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ.

„ჩვენ გვინდა, არჩევნები ჩავატაროთ მშვიდ გარემოში, რომელიც იქნება აბსოლუტურად გამჭირვალე. ყველა პოლიტიკურ პარტიას უნდა მიეცეს თანაბრად შესაძლებლობა, რომ აწარმოონ საარჩევნო კამპანია, გააცნონ თავიანთი ხედვა, პროგრამა ადგილობრივ მოსახლეობას და არ უნდა იყოს ხელის შეშლა“ - თქვა კალაძემ.

გუშინ, NDI-ის წარმომადგენლებმა წინასაარჩევნო გარემო პრეზიდენტთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან განიხილეს. ახლა კი, შეხვედრა უმცირესობის წარმომადგენლებთან მიმდინარეობს.

კომენტარები