ვანო მერაბიშვილის საქმე

სუბარი: კორძაიამ თუ იცოდა რამე ჯობდა აქამდე ეთქვა - მერაბიშვილის გაყვანა აბსურდია

სოზარ სუბარი
ტაბულა

"საინტერესო ინფორმაციაა, ამდენი ხანი რატომ დუმდა? წესით, დიდი ხნის წინ უნდა ეთქვა, თუ მსგავსი რამ იცოდა. ცხადია, ეს აბსოლუტური ტყუილია“, - რუსთავი 2-ის ეთერში ამბობს სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი სოზარ სუბარი. 

სასჯელაღსრულების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი უფროსი ირაკლი კორძაია გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში ამბობს, რომ მას თავად სოზარ სუბარმა დაუდასტურა, რომ 2013 წლის დეკემბერში ექსპრემიერ ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანა მართლაც მოხდა. რის შემდეგაც სუბარი მასთან "მესიჯ ბოქსს" ამუშავებდა. სუბარი ამას სიცრუეს უწოდებს:

„მესიჯბოქსი თუ მუშავდებოდა, თვითონ უნდა შეემუშავებინა, თვითონ იყო პრესსამსახურის უფროსი“, - აღნიშნა სასჯელაღსრულების ყოფილმა მინისტრმა.

სოზარ სუბარი გამორიცხავს, რომ მისი გვერდის ავლით შესაძლოა, ვანო მერაბიშვილი საკნიდან გაეყვანათ.

"რამდენიმე ათეული კამერა ვნახეთ, რომელიც ასახავს ყველა გზას, რაც კი მე-9 დაწესებულებიდან სასჯელაღსრულების სამინისტრომდე არსებობს. შეუძლებელია, რომელიმე კამერაზე ეს ჩანაწერი არ ყოფილიყო მანქანების გადაადგილება, შესაბამისად, ეს არის ტყუილი“, - ამბობს სუბარი.

ირაკლი კორძაიას თქმით, მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის საქმიდან მალევე სასჯელაღსრულების დეპარტამენტში დიდი მოცულობის პრემიები გაიცა. პრემიების გაცემას ადასტურებს სოზარ სუბარიც, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს პრემიები მასთან არ იყო შეთანხმებული, პრემიების მოცულობამ კი მისი აღშფოთება გამოიწვია.

"ვიყავი უაღრესად აღშფოთებული და ჩემი აღშფოთება პრემიერმინისტრსაც გავუზიარე. არ დამიმალავს პრესასთანაც. მთავრობის სხდომის შემდეგ ვთქვი, რომ ეს დაუშვებელია", - ამბობს სუბარი.

ციხის საკნიდან გაყვანის შესახებ ყოფილმა პრემიერმინისტრმა ვანო მერაბიშვილმა 2013 წლის 17 დეკემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე ისაუბრა. მერაბიშვილის ინფორმაციით, 14 დეკემბერს, ღამის საათებში ციხის ადმინისტრაციამ იგი მთავარ პროკურორთან შესახვედრად გაიყვანა. ყოფილი პრემიერის მტკიცებით, მაშინდელმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ მას კითხვები ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე დაუსვა. მერაბიშვილმა სამართალდამცავებს ციხის ადმინისტრაციის კამერების ჩანაწერების შემოწმებისკენ მოუწოდა, თუმცა მის ამ განცხადებას რაიმე სამართლებრივი რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან არ მოჰყოლია. 

ციხიდან გაყვანის საქმეს გავლენა ჰქონდა ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაზე:

მერაბიშვილის მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული დევნის დადგენისას, სტრასბურგის სასამართლოზე გავლენა იქონია 2013 წლის 14 დეკემბერს მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის ინციდენტმა და ქართული მხარის მიერ ამ ფაქტის გამოუძიებლობამ. სასამართლომ განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა იმ გარემოებას, რომ ციხის ადმინისტრაციამ არ წარადგინა სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერი, ხოლო პრემიერმინისტრი, სასჯელაღსრულების მინისტრი და მთავარი პროკურორი აშკარად ეწინააღმდეგებოდნენ ამ საქმის ობიექტურ გამოძიებას.

ამ გარემოებებიდან გამომდინარე, სტრასბურგის სასამართლომ ციხიდან გაყვანის ინციდენტის მერაბიშვილისეული ვერსია დადასტურებულად მიიჩნია. აქედან გამომდინარე, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობას, მისი მხრიდან შესაძლო კანონდარღვევების გამოძიების გარდა, ჰქონდა სხვა, უკანონო მიზანიც - მოეხდინათ მასზე მორალური ზეწოლა და ეიძულებინათ, გამოძიებისათვის მიეცა ინფორმაცია სხვა საქმეებთან დაკავშირებით, რომლებსაც არანაირი კავშირი არ ჰქონდათ საკუთრივ მერაბიშვილისათვის წაყენებულ ბრალდებასთან. საქმეზე „მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ ევროსასამართლომ დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-18 მუხლის, მე-5 მუხლის პირველ პუნქტთან ერთობლიობაში დარღვევა. 

კომენტარები