ვანო მერაბიშვილის საქმე

ირაკლი კორძაია: ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის შემდეგ პრემიები დარიგდა

საზოგადოებრივი მაუწყებელი

სასჯელაღსრულების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ირაკლი კორძაია ამბობს, რომ საქართველოს ექსპრემიერის ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის საქმის დაფარვის მიზნით სამინისტროში დიდი მოცულობის პრემიები გაიცა. პროკურატურამ თებერვალში საქმეზე გამოძიება დაასრულა, გამოძიებას არანაირი შედეგი არ მოჰყოლია. 

რუსთავი 2-ის გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში კორძაიამ განაცხადა, რომ ტექნიკურად პრემიები ჩვეულებრივ თანამშრომლებზე გაიცა, თუმცა ისინი ატკატების გზით სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მაღალჩინოსნებმა აიღეს. 

"პრემიები ქრონოლოგიურად მოჰყვა ამ გაყვანას. ეს იყო უზარმაზარი პრემიები 45 ათასის ლარითაც გაიცა პრემიები. რამდენიმე მილიონ ლარზეა ლაპარაკი. ეს იყო ჯილდო დიმიტრი დარბაისელისთვის იმის სანაცვლოდ, რომ მან ეს გაყვანა ჩაატარა. საუბარი იყო ჩვეულებრივ ატკატებზე. რომელიმე თანამშრომელზე გამოიწერა პრემია 37 ათასი ლარის ოდენობით, იქიდან მხოლოდ 2000 რჩებოდა ადამიანს და 35 ათასი დარბაისელთან მიდიოდა. სამინისტროში ამის შესახებ ყველა ლაპარაკობდა“, - განაცხადა ირაკლი კორძაიამ.

ციხის საკნიდან გაყვანის შესახებ ყოფილმა პრემიერმინისტრმა ვანო მერაბიშვილმა 2013 წლის 17 დეკემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე ისაუბრა. მერაბიშვილის ინფორმაციით, 14 დეკემბერს, ღამის საათებში ციხის ადმინისტრაციამ იგი მთავარ პროკურორთან შესახვედრად გაიყვანა. ყოფილი პრემიერის მტკიცებით, მაშინდელმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ მას კითხვები ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე დაუსვა. მერაბიშვილმა სამართალდამცავებს ციხის ადმინისტრაციის კამერების ჩანაწერების შემოწმებისკენ მოუწოდა, თუმცა მის ამ განცხადებას რაიმე სამართლებრივი რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან არ მოჰყოლია. 

ციხიდან გაყვანის საქმეს გავლენა ჰქონდა ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაზე:

მერაბიშვილის მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული დევნის დადგენისას, სტრასბურგის სასამართლოზე გავლენა იქონია 2013 წლის 14 დეკემბერს მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის ინციდენტმა და ქართული მხარის მიერ ამ ფაქტის გამოუძიებლობამ. სასამართლომ განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა იმ გარემოებას, რომ ციხის ადმინისტრაციამ არ წარმოადგინა სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერი, ხოლო პრემიერმინისტრი, სასჯელაღსრულების მინისტრი და მთავარი პროკურორი აშკარად ეწინააღმდეგებოდნენ ამ საქმის ობიექტურ გამოძიებას. ამ გარემოებებიდან გამომდინარე, სტრასბურგის სასამართლომ ციხიდან გაყვანის ინციდენტის მერაბიშვილისეული ვერსია დადასტურებულად მიიჩნია. აქედან გამომდინარე, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობას, მისი მხრიდან შესაძლო კანონდარღვევების გამოძიების გარდა, ჰქონდა სხვა, უკანონო მიზანიც - მოეხდინათ მასზე მორალური ზეწოლა და ეიძულებინათ, გამოძიებისათვის მიეცა ინფორმაცია სხვა საქმეებთან დაკავშირებით, რომლებსაც არანაირი კავშირი არ ჰქონდათ საკუთრივ მერაბიშვილისათვის წაყენებულ ბრალდებასთან. საქმეზე „მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ ევროსასამართლომ დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-18 მუხლის, მე-5 მუხლის პირველ პუნქტთან ერთობლიობაში დარღვევა. 

კომენტარები