სისხლის დონაცია

სასამართლო: ჰომოსექსუალთათვის სისხლის დონაციის უვადოდ აკრძალვა არაკონსტიტუციურია

საკონსტიტუციო კომისიამ ძალდაკარგულად ცნო მინისტრის 2000 წელს გამოცემული ბრძანება, რომელიც კრძალავდა მამაკაცთან სქესობრივ კავშირის მქონე მამაკაცის მიერ სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობას. საკონსტიტუციო სარჩელი სასამართლოში გოჩა გაბოძემ და ლევან ბერიანიძემ შეიტანეს.

სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია ჰომოსექსუალი პირებისათვის სისხლის დონაციის უფლების განუსაზღვრელი ვადით აკრძალვა. აღნიშნულ გადაწყვეტილებაში სასამართლომ დაადგინა, რომ მსმ (მამაკაცის სქესობრივი კავშირი მამაკაცთან) ჯგუფისათვის დაწესებული აკრძალვა იყო აბსოლუტური და არ განსაზღვრავდა კონკრეტული დროის პერიოდს, რომლის განმავლობაშიც აღნიშნული ქცევა ქმნიდა რისკებს დონაციის პროცესის უსაფრთხოებისათვის. სასამართლოს განმარტებით, არსებული ტექნოლოგიებით აივ-ვირუსის გამოვლენა სრულად არის შესაძლებელი ე. წ. "ფანჯრის პერიოდის" შემდეგ. შესაბამისად, სისხლისა და მისი კომპონენტების დონაციის ბლანკეტურად, განუსაზღვრელი ვადით შეზღუდვა, სარისკო ქცევის მქონე ჰომოსექსუალი მამაკაცებისათვის, არათანაზომიერად იქნა მიჩნეული.

"კონსტიტუციური სარჩელის სადავო ნორმა ითვალისწინებდა მსმ ჯგუფისთვის სისხლის დონაციის უფლების აბსოლუტურ აკრძალვას. გასაჩივრებული ნორმა კვლავ არ ითვალისწინებდა ე. წ. "ფანჯრის პერიოდს", რომლის მიღმაც სისხლის გზით გადამდები დაავადებების აღმოჩენა სრულად შესაძლებელია და ბლანკეტურად, განუსაზღვრელი ვადით ზღუდავდა უფლებას", - წერია საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაში.

სასამართლოსვე ცნობით, სადავო ნორმის დაუყოვნებლივ გაუქმებას, შესაძლოა, საფრთხე შეექმნა სისხლისა და მისი კომპონენტების დონაციის უსაფრთხოებისათვის და რეციპიენტების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნებიდან გამომდინარე ძალადაკარგულად ცნობა გადაავადა 2017 წლის 1 ნოემბრამდე.

კომენტარები