სისხლის დონაცია

მოსამართლეებმა ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა დასახმარებლად სისხლი გაიღეს

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებმა და მოხელეებმა, ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა დასახმარებლად სისხლი გაიღეს. სასამართლოს ცნობით, აქცია საქველმოქმედო ხასიათს ატარებს და მის მიზანს სისხლის დონაციის პოპულარიზაცია წარმოადგენდა.

"სასამართლო, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაცია, აქტიურად უნდა იყოს ჩართული საქველმოქმედო აქტივობებში. აქციის უმთავრესი მიზანია იმ მრავალი დაავადებული ბავშვის დახმარება, რომელიც დღეს ლეიკემიითაა დაავადებული. ჩვენი სურვილია, სასამართლო გახდეს მეტად სოლიდარული საზოგადოების პრობლემების მიმართ", - ამბობს სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს უფროსი უჩა თოდუა.

სისხლის სიმწირის გამო, პაციენტებს ხშირად ექმნებათ პრობლემები. სისხლის დეფიციტია სისხლის ბანკშიც, რის გამოც ოჯახის წევრებს დამოუკიდებლად უწევთ დონორების ძიება.

"ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისათვის აუცილებელია სისხლის პრეპარატები 24 საათის განმავლობაში, ამიტომ მათთვის გაღებული ყოველ მილიგრამ სისხლს არსებითი მნიშვნელობა აქვს. თავად დონორებისათვის სისხლის გაღება სრულიად უსაფრთხოა, ისინი აბარებენ დაახლოებით 400 მილიგრამამდე სისხლს, რის შედეგადაც ორგანიზმი თავად იწყებს სისხლის აღდგენასა და განახლებას, რაც სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის", - აცხადებს სისხლის ბანკის ექიმი ტრანსფუზიოლოგი ქეთევან ხუციშვილი.

სააპელაციო სასამართლოს ცნობით, სისხლის გაცემის აქცია პერმანენტულ ხასიათს მიიღებს და ის წელიწადში 2-ჯერ ჩატარდება. სააპელაციო სასამართლო იმედს გამოთქვამს, რომ ამ საქველმოქმედო აქციას სხვა სახელმწიფო დაწესებულებებიც შეუერთდებიან.

კომენტარები