საკონსტიტუციო ცვლილებები

"ქართული ოცნება" პრეზიდენტთან დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს

41.ge

"ქართული ოცნება" პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შეთავაზებაზე, საკონსტიტუციო ცვლილებები ოპოზიციურ პარტიებთან ერთად განიხილონ, უარს აცხადებს. ხვალ დაგეგმილ შეხვედრაში მმართველი გუნდი მონაწილეობას არ მიიღებს და მიზეზად, პრეზიდენტის შეთავაზების დაგვიანებას ასახელებს. 

თუმცა, ამასთან, "ქართული ოცნება" ოპოზიციურ პარტიებს სთავაზობს, საშემოდგომო სესიამდე კიდევ ერთხელ მოისმინონ მათი შენიშვნები. 

"როდესაც ორი მოსმენით არის მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, ბუნებრივია, ეს არის მხოლოდ შეთავაზება შეთავაზებისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ შემოდგომის სესიამდე განვაგრძობთ დისკუსიას, კონსულტაციას, საუბარს ოპოზიციურ პარტიებთან იმიტომ, რომ როდესაც ვლაპარაკობთ კონსესუსზე, იგულისხმება სწორედ ის ძირითადი აქტორები, რომლებიც წარმოადგენენ პოლიტიკურ პროცესს. გვაინტერესებს არასამთავროების აზრიც, მაგრამ ყოველი ასეთი მოსაზრება უნდა ეფუძნებოდეს პროფესიონალიზმს და არ უნდა იყოს ანგაჟირებული პოლიტიკური დღის წესრიგით,"- ამბობს "ქართული ოცნების" დეპუტატი რუსთავი 2-თან საუბრისას.

ოპოზიციური პარტიები პრეზიდენტთან შეხვედრაზე მზადყოფნას გამოთქვამენ, რაც შეეხება "ქართული ოცნების" შეთავაზებას, მათი თქმით, მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდებიან, თუ მმართველი გუნდი პრინციპულ საკითხებზე, როგორიცაა საარჩევნო სისტემა და პრეზიდენტის არჩევის წესი, მათ მოსაზრებებს გაითვალისწინებს. 

"ცხადია, ჩვენ პრეზიდენტთან მივალთ შეხვედრაზე. ზოგადად, საკონსტიტუციო პროცესზე, რა თქმა უნდა, უნდა იყოს მსჯელობა, მაგრამ დღევანდელი ვითარება და ეს დოკუმენტი, რომელიც მათ მიიღეს, არის ჩიხური ვითარება. ამ ჩიხიდან გამოსავალი სწორედ უნდა გვაჩვენოს ქართულმა ოცნებამ, როგორ დგამენ ნაბიჯს უკან. პრინციპული საკითხები ეს არის საარჩევნო სისტემა, პროპორციულ სისტემაზე გადასვლა და პრეზიდენტის არჩევითობის საკითხი, რომელზეც ჩვენ შევთავაზეთ "ქართულ ოცნებას" გამოსავალი - პლებისციტის ჩატარება,"- ამბობს "მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს" მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარია.

"ეს არის დემოკრატიის გადავადება და უფრო მეტიც, გაუქმება. რასაკვირველია, ის საკითხები, რომლებიც არის მნიშვნელოვანი პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა, პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, რომელიც რეალურად გააუქმა ქართულმა ოცნებამ. ამიტომ, ჩვენ პრეზიდენტის მოწვევას შევუერთდებით და ავამოქმედებთ და გამოვიყენებთ ყველა ინსტრუმენტს, რომ კონსტიტუცია, რომელიც აუქმებს დემოკრატიას საქართველოში არ იქნას მიღებული,"- ამბობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი, ხატია დეკანოიძე.

კომენტარები