თბილისის საქალაქო სასამართლო

ინდოეთის 2 მოქალაქეს გარყვნილი ქმედებისთვის პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ინდოეთის 2 მოქალაქეს არასრულწლოვნების მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის პატიმრობა შეუფარდა.

"წარდგენილი ბრალის თანახმად, ჰ. ს.-მ და რ. ს.-მ სამი მოზარდი, მოტყუებით აიყვანეს საცხოვრებელ ბინაში და მათ მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელეს. მათ ბრალად ედებათ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, (რომელიც არ შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს) ჩადენილი ძალადობით, ჯგუფურად, წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან", - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

სასამართლომ მიიჩნია, რომ დაზარალებულთა ასაკის გათვალისწინებით, არსებობს სისხლის სამართლის საპროცესო მიზნების აღსრულებისთვის საზიანო ზემოქმედების საფრთხე. შესაბამისად, აღკვეთის ღონისძიების სახედ ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ.

"სასამართლომ განიხილა შუამდგომლობა, მოისმინა მხარეთა განმარტებები, გაეცნო წარმოდგენილ მასალებს, შეამოწმა შუამდგომლობის დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ სახეზეა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფაქტობრივი (მტკიცებულებითი), ისე ფორმალური (საპროცესო) საფუძვლები. სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებულებს ბრალად ედებათ განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესაძლო ჩადენა, რომელიც სასჯელის სახედ ითვალისწინებს 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ასევე ბრალდებულებს არ გააჩნიათ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი საქართველოში, აქვთ კავშირები საზღვარგარეთ და მაღალია მათი მხრიდან მიმალვის საფრთხე",-წერია განცხადებაში.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა, 24 აგვისტოს 13:00 საათზე გაიმართება.

ცნობისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი - სამგორის სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა ინდოეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე - 1991 წელს დაბადებული ჰ.ს. და 1995 წელს დაბადებული რ.ს. თბილისში რამდენიმე დღის წინ არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავა.

კომენტარები