ოკუპაცია

რაქვიაშვილი: სხდომის ჩანიშვნას პრეზიდენტი კონსულტაციების შემდეგ გადაწყვეტს

დავით რაქვიაშვილი
რუსთავი 2

უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც სამოქალაქო სექტორი ხელისუფლებისგან ბერშუეთში საოკუპაციო ზოლის გადმოწევის გამო, უშიშროების საბჭოს მოწვევას ითხოვს. რაქვიაშვილის თქმით, სხდომის დანიშვნის გადაწყვეტილებას პრეზიდენტი იმაზე დაყრდნობით მიიღებს, რა შეთავაზებები იქნება ახალ მიდგომებთან დაკავშირებით. რაქვიაშვილმა ამის შესახებ რუსთავი ორთან ინტერვიუში ისაუბრა. 

„უშიშროების საბჭოს ჩანიშვნა ხდება იქიდან გამომდინარე, როდესაც ამ გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი, იმაზე დაყრდნობით თუ რა შეთავაზებები გვექნება ახალ მიდგომებთან დაკავშირებით, რა კონსულტაციებსაც გავივლით, მერე პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას. საქართველოს სჭირდება და აუცილებელია, ახალი მიდგომების ჩამოყალიბება, ახალ სტრატეგიაზე ფიქრი, ამაზე საქართველოს პრეზიდენტი ხშირად საუბრობს. ის, რასაც საქართველომ მიაღწია და წარმატებით მიაღწია თავის პარტნიორებთან ერთად, არაღიარების თვალსაზრისით, გასამყარებელია ახალი მიდგომებით. აუცილებელია ამგვარი, ნაბიჯ-ნაბიჯ გადადგმული ანექსიის და ნაბიჯ-ნაბიჯ გამყარებული ოკუპაციის საწინააღმდეგო პოლიტიკის შემუშავება,“ - ამბობს დავით რაქვიაშვილი.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთობლივი განცხადება დღეს გაავრცელეს და ხელისუფლებას მოუწოდეს დაუყოვნებლივ გაიმართოს შეხვედრა უშიშროების საბჭოს ან/და უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ფორმატის ფარგლებში, რომელზეც განხილული იქნება საქართველოსა და მისი მოქალაქეების წინაშე დღეს არსებული მყისიერი საფრთხეები.

საოკუპაციო ძალებმა გორის რაიონ სოფელ ბერშუეთში ე.ს საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი ორი დღის წინ დადგეს. 

კომენტარები