გაზისა და ნავთობის კორპორაცია

საქართველოს გაზისა და ნავთობის კორპორაციის მოგება 2.5-ჯერ გაიზარდა

გარდაბნის კომბინირებული ციკლის თბოსადგური
gogc.ge

სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებული მეორე უმსხვილესი კომპანიის მოგება წინა წელთან შედარებით 2.5-ჯერ გაიზარდა. გაზისა და ნავთობის კორპორაციამ 2016 წლის აუდირებული ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც კომპანიის წმინდა მოგებამ 78 მილიონი ლარი შეადგინა, 2015 წელს ეს მაჩვენებელი 30 მილიონზე იყო.

გაზისა და ნავთობის კორპორაციის მოგების ასეთი ზრდა ახლადგახსნილ გარდაბნის თბოელექტროსადგურს უკავშირდება. კომპანიამ 2016 წლის განმავლობაში ამ თბოსადგურში გამომუშავებული 184 მილიონი ლარის ღირებულების ელექტროენერგია მიაწოდა ელექტროსისტემას. თბოსადგური უფრო მოძველებულ სადგურებთან შედარებით უფრო მაღალი ეფექტურობით გამოირჩევა.

აგრეთვე გაიზარდა კორპორაციის ჯამური შემოსავალი და 2016 წელს მან 633,6 მლნ. ლარამდე გაიზარდა, რაც 2015 წლის მონაცემებზე 27,9%-ით მეტია. 2015 წელს ეს ციფრი 495,4 მლნ. ლარი იყო.

გაზის და ნავთობის კორპორაცია საქართველოში ბუნებრივი აირის მთავარი იმპორტიორია. სწორედ ეს კომპანია იღებს სოკართან გაფორმებული სპეციალური კონტრაქტის მეშვეობით ბუნებრივ აირს. 2016 წელს კორპორაციამ 348 მილიონი ლარის ღირებულების ბუნებრივი აირი გაყიდა. 

გაზის და ნავთობის კორპორაცია საპარტნიორო ფონდის შემადგენლობაშია. კომპანია რკინიგზასთან ერთად ფონდის მიერ განხორციელებული პროექტების დაფინანსების მთავარი წყაროა. რკინიგზას ჯერჯერობით საკუთარი ფინანსური მაჩვენებლების შესახებ ინფორმაცია არ გამოუქვეყნებია.

 

კომენტარები