საოკუპაციო ხაზი

საოკუპაციო ხაზის გადმოწევას რუსეთი "პროპაგანდისტულ სატყუარას" და სიცრუეს უწოდებს

Getty Images

რუსეთი „პროპაგანდისტულ სატყუარას“ უწოდებს ცნობებს საოკუპაციო ხაზის საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის სიღრმეში გადმოწევის შესახებ.

განცხადებაში, რომელსაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს, წერია, რომ ეს „პროვოკაცია“ კარასინი-აბაშიძის შეხვედრის დაჩრდილვას ემსახურება. შეხვედრა პრაღაში 7 ივლისაა დაგეგმილი.

„რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების მოწინააღმდეგეებს არ გამოუვათ, ხელი შეუშალონ პრაღაში შეხვედრის კონსტრუქციულად ჩატარებას“ - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთი დარწმუნებულია, რომ „ამ საკითხის განხილვა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, დამაჯერებლად აჩვენებს, რომ ეს აბსურდული პრეტენზიები სიცრუეა“.

განცხადების მიხედვით, პრაღაში გრეგორი კარასინი და ზურაბ აბაშიძე ვაჭრობის, ტრანსპორტის და ჰუმანიტარული კონტაქტების საკითხებზე ისაუბრებენ.

„მხარეები გაცვლიან მოსაზრებებს თემაზე, რომელიც უკავშირდება 2011 წლის შეთანხმებას საბაჟო ადმინისტრირების მექანიზმსა და რეგიონალური ვაჭრობის მონიტორინს. არსებობს რეალური შესაძლებლობა, შეთანხმების პრაქტიკული რეალიზაციისთვის კონტრაქტებს ხელი მალე მოეწეროს. ვიმედოვნებთ, რომ თბილისი წარმოადგენს განმარტებებს საქართველოს ტერიტორიაზე ტვირთების საბაჟო გაფორმების შესახებ, რასაც რუსული მხარე დიდი ხანია, ითხოვს“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

უკანასკელ დღეებში რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზი გორის რაიონის სოფელ ბერშუეთში გადმოწიეს.

კომენტარები