ტურიზმი

6 თვეში 3 მილიონი ვიზიტორი შემოვიდა - ქვეყნები საიდანაც ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოდის

ბათუმი
georgia.travel

2017 წლის პირველ ნახევარში საქართველოში 2.99 მილიონი უცხოელი ვიზიტორი შემოვიდა, რაც 2016 წელთან შედარებით 13%-ით მეტია. ამ პერიოდში ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+7%), სომხეთიდან (+16%), თურქეთიდან (-15%), რუსეთიდან (+27%) და ირანიდან (+223) განხორციელდა. ყველაზე აქტიური თვე ივნისი იყო, ამ პერიოდში საქართველოს საზღვარი 666 ათასმა უცხოეთის მოქალაქემ გადაკვეთა, ეს წინა წლის მაჩვენებელს 28%-ით აღემატება.

ქვეყნების რეიტინგი ვიზიტორთა რაოდენობის მიხედვით ასე გამოიყურება: 

  1. აზერბაიჯანი - 737 ათასი ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 7%
  2. სომხეთი - 642 ათასი ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 16%
  3. თურქეთი - 531 ათასი ვიზიტორი, კლება წინა წელთან 15%
  4. რუსეთი - 507 ათასი ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 27%
  5. ირანი - 120 ათასი ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 223%
  6. უკრაინა - 84 ათასი ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 19%
  7. ისრაელი - 49 ათასი ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 48%
  8. ინდოეთი - 27 ათასი ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 132%
  9. ყაზახეთი - 21 ათასი ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 21%
  10. პოლონეთი - 20 ათასი ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 25%

რამდენი იყო ამ ვიზიტორებიდან ტურისტი

ამ 3 მილიონი ადამიანიდან საქართველოში 24 საათზე მეტხანს 1.3 მილიონი ვიზიტორი დარჩა, ეს კი წინა წელთან შედარებით 29%-ით მეტია. საერთაშორისო კლასიფიკაციის მიხედვით, ტურისტებად სწორედ ის ვიზიტორები უნდა ჩაითვალნონ, ვინც ქვეყანაში 24 საათზე მეტი ხნით რჩებიან და ქვეყნის მომსახურების სექტორს (რესტორნები, სასტუმროები და ა.შ.) იყენებენ.

ტურიზმის სექტორის შემოსავლები

2017 წლის იანვარ-მარტში საქართველოს ტურიზმის სექტორის შემოსავლები წინა წელთან შედარებით 23%-ით გაიზარდა. ჯამში სექტორის შემოსავალმა $435 მილიონი შეადგინა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი.

2016 წლის მონაცემებით. შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენს $2.2 მილიარდ დოლარს (ზრდა +11.9%), რაც $230 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამ მაჩვენებლით ტურიზმზე ქვეყნის მთლიანი ეკონომიკის 7.1% მოდის.

სასტუმროების სტატისტიკა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2016 წლისთვის ბოლოსთვის 1.7 ათასი სასტუმროა რეგისტრირებული, ამ სატსუმროებში არსებული საწოლების რაოდენობა კი 57 ათასია. რეგიონების მიხედვით, თბილისი ლიდერობს, მასში 14.8 ათასი საწოლი ადგილია, აჭარის სასტუმროებში კი 11.6 ათასი საწოლია.

ტურიზმის სტატისტიკა წლების მიხედვით:

2007-დან 2013 წლის ჩათვლით საქართველოში შემოსული უცხოელი ვიზიტორების რაოდენობის ზრდა საშუალოდ 30%-ს შეადგენდა, აქედან ყველაზე მაღალი - 56%-იანი ზრდა 2012 წელს იყო. 2013 წელს ზრდამ 21% შეადგინა, 2014 წელს კი სავიზო რეგულაციების დაწესების გამო ტურისტული ნაკადის ზრდის ტემპი დამუხრუჭდა და მან მხოლოდ 2.3% შეადგინა. ზრდის ტემპი მცირედით გაუმჯობესდა 2015 წელს და ის 7% გახდა. 2016 წელს კი ზრდა 7.6% იყო.

კომენტარები