ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია

100 ათას ლარამდე ეკონომიკური დანაშაული დეკრიმინალიზებულია

iStockPhoto

საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა მთავრობის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომლის მეშვეობითაც 100 ათას ლარამდე ეკონომიკური დანაშაული (გადასახადისგან თავის არიდება) დეკრიმინალიზდება. ამავდროულად, ცვლილებების შედეგად უქმდება სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლი, რის შედეგადაც ზოგიერთი საგადასახადო დარღვევის სრული დეკრიმინალიზაცია ხდება. 

რა ცვლილებები შევიდა სისხლის სამართლისა და საგადასახადო კოდექსებში:

  • გადასახადებისგან თავის არიდების ნაწილში იზრდება ლიმიტები, კერძოდ: დღეისთვის სისხლის სამართლის კოდექსით, გადასახადებისგან თავის არიდებისას თუ აღნიშნულის ოდენობა აღემატება 50 ათას ლარს ის სისხლის სამართლის დანაშაულად კვალიფიცირდება, შეტანილი ცვლილებებით, კი აღნიშნული ლიმიტი 100 ათას ლარამდე გაიზარდა.
  • ამავდროულად, შეიცვალა სისხლის სამართლის კოდექსის ჩანაწერი, რომლითაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისგან თავის არიდებად ითვლებოდა 100 ათასი ლარი. ცვლილებების შედეგად აღნიშნული ზღვარი 150 ათას ლარამდე გაიზარდა.
  • უქმდება სისხლის სამართლის კოდექსის 200 (3) მუხლი, რომლის მიხედვითაც სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის მარკირების გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია და გადაზიდვა ისჯებოდა. აღნიშნული კანონის მაქსიმალური სანქცია 4 წლამდე პატიმრობა იყო. მის ნაცვლად შესული ცვლილებებით ამ დარღვევისთვის დგინდება 10 ათას ლარიანი ჯარიმა.
  • უქმდება სისხლის სამართლის კოდექსის 200 (4) მუხლი, რომლის მიხედვითაც სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული პროდუქციის მარკირების გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია და გადაზიდვა ისჯებოდა. აღნიშნული მუხლის მაქსიმალური სანქცია 4 წლამდე პატიმრობა იყო.
  • საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებით, საშემოსავლო გადასახადით აღარ დაიბეგრება მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი ფიზიკური პირის მიერ წარმოებული ჭარბი ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიანტისათვის მიწოდებით მიღებული შემოსავალი
  • იცვლება ლუდის აქციზის გამოთვლის წესი და ის ლუდში ალკოჰოლის შემცველობაზე ხდება დამოკიდებული. შედეგად, დაბალალკოჰოლური (5%-ზე დაბალი შემცველობის) ლუდზე აქციზის გადასახადი დაიკლებს, 5%-ზე მაღალის შემთხვევაში კი გაიზრდება.
  • (საბაჟო საწყობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა) განსაზღვრული ჯარიმა (4000 ლარი) ნახევრდება 2000 ლარამდე. შესაბამისად, ასევე ნახევრდება ამავე ქმედების განმეორებით ჩადენისათვის განსაზღვრული ჯარიმის ოდენობაც და პირი დაჯარიმდება 12000 ლარის ნაცვლად 6000 ლარით.
  • 2 წლით იზრდება დაუსრულებელი მშენებლობებისათვის დაწესებული საგადასახადო შეღავათის გამოყენების ვადა. მშენებლობის დასრულების საბოლოო ვადად განისაზღვრება 2019 წლის 31 დეკემბერი; თუ მშენებარე ობიექტი დააკმაყოფილებს საგადასახადო შეღავათების გავრცელების მიზნით შესაბამის ნუსხაში შეყვანისთვის დადგენილ მოთხოვნებს, მასზე გავრცელდება დღგ‐ში დაწესებული საგადასახადო შეღავათები

კომენტარები