აფგან მუხთარლის საქმე

მდინარაძე მუხთარლიზე: მივემხრობოდი, რომ უკვე შესაძლებელია, კომისია შეიქმნას

მამუკა მდინარაძე
ტაბულა

ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქართველოდან გაუჩინარების საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას ემხრობა.

"ფაქტია, რომ ამ საქმის გამოუძიებლობა ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს დააზიანებს და ამაზე არავინ დაობს. ერთადერთი, რაც შეიძლება დისკუსიის საგანი იყოს ისაა, რომ ამ ეტაპზე მიზანშეწონილი იქნება თუ არა საგამოძიებო კომისიის შექმნა. იმ შემთხვევაში, თუ გამოძიება შედეგს არ დადებს, რომელიც ყველა კითხვაზე პასუხს გასცემს, ყველა ვარიანტში კომისია შესაქმნელი იქნება. გუნდის შიგნით ამაზე ნაწილი მიიჩნევს, რომ კომისია უკვე უნდა შეიქმნას, ნაწილი თვლის, რომ გამოძიების მიმდინარეობას და შედეგებს უნდა დაველოდოთ. საბოლოო ჯამში, ყველა თანხმდება იმაზე, რომ გამოძიებას ვალდებულება აქვს, რომ არც ერთი კითხვის ნიშანი არ უნდა დატოვოს.

მივემხრობოდი იმას, რომ უკვე შესაძლებელია, კომისია შეიქმნას, თუმცა, არგუმენტებს მოკლებული არ არის ისიც, რომ კიდევ შესაძლებელია, გამოძიების შედეგებს დაველოდოთ", - თქვა მდინარაძემ.

აფგან მუხთარლის საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო ითხოვს.

აფგან მუხთარლი საქართველოდან 29 მაისს გაიტაცეს. ის ამჟამად აზერბაიჯანში პატიმრობაში იმყოფება. მუხთარლი და მისი ოჯახი ამბობენ, რომ გატაცებაში ქართული სპეცსამსახურები მონაწილეობდნენ, რასაც ქართული მხარე უარყოფს.

კომენტარები