საკონსტიტუციო ცვლილებები

115:0 - პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღო

თორნიკე ბარათაშვილი

საკონსტიტუციო ცვლილებები საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო. 115-0 - ასეთი იყო კენჭისყრის შედეგები. 

პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 115-მა დეპუტატმა გაიარა, საიდანაც 114 ქართული ოცნების დეპუტატი იყო.

იგივე შედეგი დაფიქსირდა კანონპროექტის პირველი მოსმენის დროსაც. მეორე მოსმენამდე ცოტა ხნით ადრე, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, ცვლილებათა პაკეტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განიხილა და მასში ცვლილებები შეიტანა. 

მისი თქმით, კონსტიტუციის პრეამბულა არ შეიცვალა, რადგან მათ მიიჩნიეს, რომ პრეამბულა დოკუმენტის ისტორიული ნაწილია და, შესაბამისად, მისი უცვლელად დატოვება მიზანშეწონილად ჩათვალეს. 

ქართული ოცნების დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის, ინიციატივით, პროექტში ჩაიწერა, რომ სახელმწიფო ზრუნავს ქვეყნის მთელი ტერიტორიის, როგორც თანაბარ სოციალურ-ეკონომიკური, ასევე, დემოგრაფიული განვითარებისთვის. 

ასევე, ქართული ოცნების დეპუტატის, ნუკრი ქანთარიას, წინადადებით, კონსტიტუციის მე-5 მუხლში ჩაიწერა, რომ სახელმწიფო ზრუნავს ეროვნული ფასეულობების და თვითმყოფადობის დაცვაზე.

იმავე მუხლში ცალკე პუნქტად ჩაიწერა, რომ სახელმწიფო ზრუნავს სპორტის განვითარებაზე, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაზე, ბავშვებისა და ახალგაზრდების ფიზიკურ აღზრდასა და სპორტში მათ ჩართვაზე. 

ქართული ოცნების კიდევ ერთი დეპუტატის, გიორგი ხატიძის, ინიციატივით შეიცვალა მე-8 მუხლის სათაურიც და ამ მუხლის ფორმულირებაც.

მუხლი შემდეგი რედაქციით ჩამოყალიბდა:

"მუხლი 8. სახელმწიფოს და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობა

რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებასთან ერთად სახელმწიფო აღიარებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოსისტორიაში და მის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსაგან. საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობა განისაზღვრებაკონსტიტუციური შეთანხმებით, რომელიც სრულად უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათასფეროში."

განხილვისას, მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გასხვისების თემასაც შეეხნენ. კობახიძემ დეპუტატებს მიწის საკუთრებასთან დაკავშირებული ნორმის შემდეგნაირი რედაქცია შესთავაზა:

"მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი, შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში. გამონაკლისი შემთხვევები შეიძლება დადგინდეს მხოლოდ ორგანული კანონით, რომელიც მიიღება პარლამენტის სრული შემადგენლობის ორი მესამედის უმრავლესობით".

ქართული ოცნების დეპუტატები პარლამენტის თავმჯდომარის მიერ შეთავაზებულ ფორმულირებას დაეთანხმნენ. 

ქართული ოცნების კიდევ ერთი დეპუტატის, ლევან გოგიჩაიშვილის, წინადადებით კანონპროექტის 33-ე მუხლში, რომელიც უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირების უფლებებს შეეხება შემდეგნაირი ცვლილება შევიდა: 

"დაუშვებელი იქნება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების წინააღმდეგ პირის საქართველოდან გაძევება ან ექსტრადაცია".

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, 35-ე მუხლთან დაკავშირებით, რომელიც სახალხო დამცველთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს, გათვალისწინებული იქნა ვენციის კომისიისრეკომენდაცია.

ირაკლი კობახიძის თქმით, 35-ე მუხლში, რომელიც სახალხო დამცველს ეხება, ვენეციის კომისიის რეკომენდაცია გაითვალისწინეს. კერძოდ, ომბუდსმენის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდად 5 წლის ნაცვლად, 6 წელი შესთავაზეს კომისიას. 

"მეორე რეკომენდაციით გვირჩიეს სახალხო დამცველის კვალიფიციური უმრავლესობით არჩევა და შემოთავაზებულია 3/5-ის უმრავლესობა - 90 დეპუტატი აირჩევს სახალხო დამცველს",- ამბობს კობახიძე.

მისი თქმით, დაუშვებელია ომბუდსმენად ერთი და იგივე პირი ზედიზედ აირჩეს.

კობახიძემ თქვა, რომ მათ ვენეციის კომისიის რეკომენდაცია კიდევ ერთ საკითხთან დაკავშირებით, ბონუს-ქულების სისტემასთან დაკავშირებით გაითვალისწინეს. 

"დაწესებულია სამი სახის ზღვარი. ერთი ეს არის ფარდობითი ზედა ზღვარი ანუ 35%-ს არ უნდა აღემატებოდეს დამატებით მანდატების რაოდენობა ძირითადი მანდატების რაოდენობას. მეორე არის აბსოლუტური ზედა ზღვარი, რომელიც დაკავშირებულია მათ შორის 35%-იან მაჩვენებელთანაც. თუ ბონუსით გამოდის 89 მანდატზე მეტი, მაშინ იკეტება ბონუსი და ყოველი შემდეგიმანდატი გადანაწილდება სხვა ბარიერ გადალახულ პარტიებზე. მესამე არის ფარდობითი აბსოლუტური ქვედა ზღვარი, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ ბონუსითაც არ გიგროვდება 75 მანდატზე მეტი, მაგ შემთხვევაში ბონუსს აღარ იღებ და ჩვეულებრივად პროპორციულად ნაწილდება ეს მანდატები. ანუ მაქსიმალურად არის შეზღუდული რეალურად ბონუსი,"- ამბობს კობახიძე.

ირაკლი კობახიძის თქმით, მათ ვენეციის კომისიამ ურჩია, რომ პრეზიდენტი საარჩევნო კოლეგიამ არა ფარული, არამედ ღია კენჭისყრით აირჩიოს. 

სხდომაზე ქართული ოცნების დეპუტატის ვანო ზარდიაშვილის მოსაზრებაც გაიზიარეს 58-ე მუხლთან დაკავშირებით, რომელიც პრემიერმინისტრის ინიციატივით, საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს ეხება. აღნიშნული მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტი შემდეგი რედაქციით ჩამოყალიბდა:

"2. ნდობის საკითხს კენჭი ეყრება მისი დასმიდან არაუადრეს მე-7 და არაუგვინეს მე-14 დღისა. თუ პარლამენტი ნდობას არ გამოუცხადებს მთავრობას, საქართველოს პრეზიდენტი ნდობისარგამოცხადებიდან არაუადრეს მე-8 და არაუგვიანეს მე-14 დღისა დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს.

3. საქართველოს პრეზიდენტი არ დაითხოვს პარლამენტს, თუ პარლამენტი მთავარობის ნდობის არგამოცხადებიდან 7 დღის ვადაში, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ნდობას გამოუცხადებსპარლამენტის სრული შემადგენლობის 1/3-ზე მეტის მიერ წარმოდგენილ პრემიერ-მინისტორობის კანდიდატის მიერ წარდგენილ მთავრობას. მთავრობის შემადგენლობასთან ერთად პარლამენტსწარედგინება სამთავრობო პროგრამა. ახალი მთავრობის ნდობის გამოცხადებიდან 2 დღის ვადაში საქართველოს პრეზიდენტი თანამდებობაზე დანიშნავს პრემიერ-მინისტრს, ხოლო პრემიერ-მინისტრიმისი დანიშვნიდან 2 დღის ვადაში - მინისტრებს. თუ საქართველოს პრეზიდენტი დადგენილ ვადაში არ დანიშნავს პრემიერმინისტრს, იგი დანიშნულად ჩაითვლება. მთავრობას უფლებამოსილებაუწყდება ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნის მომენტიდან".

კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებებით, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები კვლავ შერეული სისტემით ჩატარდება, თუმცა, ერთჯერადად, ბარიერის 3%-მდე დაწევა იგეგმება. მმართველ გუნდში არსებული შეუთანხმებლობის გამო, მაჟორიტარული არჩევნები მხოლოდ 2024 წლისთვის გაუქმდება და ამოქმედდება პროპორციული საარჩევნო სისტემა ბონუსის დამატებით. რაც შეეხება გადაუნაწილებელ მანდატებს, დაწესდება ე.წ ჭერი.

კონსტიტუციის ახალი რედაქციით, პრეზიდენტს 2024 წლიდან არაპირდაპირი წესით აირჩევს სპეციალური საარჩევნო კოლეგია. გაუქმდება პრეზიდენტის სათათბირო ორგანო - ეროვნული უშიშროების საბჭო და მის ნაცვლად, თავდაცვის საბჭო ჩამოყალიბდება, რომლის ფორმირებაც საომარი მდგომარეობის შემთხვევაში მოხდება.

საკონსტიტუციო ცვლილებებს არც ოპოზიციური პარტიები და არც სამოქალაქო სექტორი არ იზიარებდა, თუმცა საკონსტიტუციო კომისიამ მათი მოსაზრებები არ გაითვალისწინა. 

კომენტარები