აფგან მუხთარლის საქმე

სუბარი: ეს ყველაფერი მაფიქრებინებს, რომ მუხთარლის მიმართ დევნა არ არსებობდა

სოზარ სუბარი
ტაბულა

დევნილთა მინისტრის სოზარ სუბარის შეფასებით, ის ფაქტი, რომ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან მუხთარლის პოლიტიკური თავშესაფარი არ უთხოვია, "პირადად მე მაფიქრებინებს, რომ მის მიმართ დევნა არ არსებობდა". სუბარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ თქვა, რომ მუხთარლის გატაცებაზე ინფორმაციას მხოლოდ ერთი წყარო არსებობს - თავად აზერბაიჯანელი ჟურნალისტი.

"შესაძლო გატაცება-შესაძლო არგატაცებაზე ლაპარაკი არ არსებობს, ერთი წყაროს გარდა, ეს არის თვითონ აფგან მუთხარლი და მისი ადვოკატები. მე ერთ რამეს გეტყვით - თბილისის ნებისმიერ უბანში, ყველაზე მიყრუებულშიც კი, არ ვამბობ ჩიტაძის ქუჩაზე და ცენტრში, ადამიანს რომ დახვდეს ვიღაც, თავზე ტომარა ჩამოაცვასჩატენოს მანქანის საბარგულში თუ მანქანაში, მინიმუმ 20-30 ადამიანი მაინც იქნება, ვინც ამას ვიდეოზე აღბეჭდავს და ზუსტად 5 წუთში ეს ყველაფერი იქნება სოციალურ ქსელში" - ამბობს სუბარი.

ჟურნალისტების კითხვაზე, "გამოდის, რომ აფგან მუხთარლი იტყუება"?, დევნილთა მინისტრი პასუხობს, რომ "რა გამოდის და რა არ გამოდის, ამას დაადგენს გამოძიება".

სოზარ სუბარის თქმითვე, "ის აუცილებლად მიიღებდა თავშესაფარს, ლტოლვილის სტატუსს საქართველოში ან რომელიმე სხვა ქვეყანაში თუ დადასტურდებოდა, რომ მის მიმართ არის დევნა. ის, რომ მას ორი წლის განმავლობაში არ მოუმართავს არც ჩვენთვის, არც გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატისთვის, ეს ყველაფერი მაფიქრებინებს პირადად მე, რომ მის მიმართ მსგავსი დევნა არ არსებობდა".

აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი აფგან მუხთარლი 29 მაისს გაიტაცეს. ადვოკატის ინფორმაციით, დამკავებლებს თავი არ წარუდგენიათ, თუმცა, მუხთარლის აზრით, ისინი საქართველოს სპეცსამსახურების თანამშრომლები იყვნენ. როგორც აფგან მუხთარლის ადვოკატი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს ტომარა ჩამოაცვეს. მუხთარლის თქმით, მესამე მანქანაში აზერბაიჯანულად ლაპარაკობდნენ. აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ჰყვება, რომ, როცა მას ტომარა მოხსნეს, ის აზერბაიჯანის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში იმყოფებოდა. მუხთარლის თქმით, მას 10 ათასი ევრო ჩაუდეს. აზერბაიჯანის ხელისუფლება საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა, კონტრაბანდისა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებებს უყენებს.

ამჟამად მუხთარლი 3-თვიანი წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. თბილისსა და აზერბაიჯანში კი საპროტესტო აქციები იმართება. 

როგორც ცნობილია, საქართველოში ცხოვრების დროს აფგან მუხთარლი და ლეილა მუსტაფაევა აქტიურად წერდნენ აზერბაიჯანის ხელისუფლებისა და ილჰამ ალიევის ოჯახის ბიზნესინტერესებისა და კორუფციული სქემების, ასევე აზერბაიჯანში პოლიტიკური დევნის პრაქტიკაზე.

კომენტარები