საარჩევნო კოდექსი

"ოცნების" კანონპროექტი: ცესკოში წარმომადგენლები არჩევნების შედეგით უნდა დაინიშნოს

ტაბულა

მმართველი გუნდის კანონპროექტით, პარტიები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარმომადგენლებს არჩევნების შედეგების მიხედვით დანიშნავენ. დეპუტატ დავით მათიკაშვილის მომზადებული კანონპროექტი, პარლამენტში დღეს დარეგისტრირდა.

"თვისობრივად იცვლება, პრინციპების დონეზე თუ რა პრინციპით დააკომპლექტებს კონკრეტული პარტია საარჩევნო კომისიას. დაკომპლექტება რაოდენობის კუთხით მოხდება არა იმ ნიშნით თუ ვინ იღებს დაფინანსებას, არამედ - რა კონკრეტული მხარდაჭერა მოიპოვა პარტიმ არჩევნებზე, ეს არის სწორი მიმართულება" - ამბობს მათიკაშვილი.

კანონპროექტის მიხედვით, საარჩევნო კომისიას პარტიები 7 წევრით დააკომპლექტებენ. პარლამენტის ამჟამინდელი რეალობის მიხედვით, თუ კანონპროექტი დამტკიცდება, საარჩევნო კომისიებში ოთხი წარმომადგენელი ეყოლება ქართულ ოცნებას, ხოლო თითო-თითო საპარლამენტო ოპოზიციას (ევროპული საქართველო, ენმ და პატრიოტთა ალიანსი).

საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს ეწინააღმდეგება საპარლამენტო ოპოზიცია. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, სხვა კანონების მსგავსად მმართველი გუნდი ამ კანონსაც საკუთარ თავზე ირგებს.

ირაკლი აბესაძის თქმით, გაუგებარია ქართული ოცნების მოტივაცია, რატომ ცდილობს, საკანონმდებლო დონეზე გაზარდოს ცესკოში მმართველი გუნდის წარმომადგენლების რაოდენობა.

"თორემ სინამდვილეში გასაგებია მათი პოლიტიკური მოტივაცია - უფრო მეტი პირდაპირი კონტროლის ქვეშ ჰქონდეთ საარჩევნო კომისიები. მათ სურთ, კიდევ უფრო პრობლემური გახდეს ის საარჩევნო პროცესი, რომელიც სამწუხაროდ ისედაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ამიტომ, რა თქმა უნდა, ესაა ცვლილება, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის პოლიტიკურ ძალთა გადანაწილებას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და ეს არის საკითხი, რომელზეც ჩვენ გვექნება ძალიან კრიტიკული მოსაზრება" - ამბობს მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს წევრი ირაკლი აბესაძე.

"შემოთავაზებული კანონპროექტით, ხელისუფლება ფაქტიურად მოიპოვებს სრულ კონტროლს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე და მის მუშაობაზე. ასევე, არის მთელი რიგი ახალი დებულებები კანონპროექტში, რომელიც გაუმარტივებს ხელისუფლებას, განახორციელოს სხვადასხვა ღონისძიებები და სჭირდება, რომ აკონტროლოს საარჩევნო პროცესი" - აღნიშნავს ენმ-ის დეპუტატი სალომე სამადაშვილი.

კანონპროექტი დღეს პარლამენტში 2-მა კომიტეტმა - ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულმა კომიტეტმა განიხილა.

კომენტარები