დაკავება

"კლიპის თემაა" - რატომ დააკავეს ჰიპ ჰოპ პროექტის "ბირჟა მაფია" წევრები

პოლიციამ რეპერები Young Mic (მიშკა მგალობლიშვილი) და Kay G (გიორგი ქებურია) დააკავა. მგალობლიშვილის ახლობლის ინფორმაციით, დაკავება პაროდიულ-სატირული ჰიპ-ჰოპ პროექტის "ბირჟა მაფიას" ბოლო კლიპს უკავშირდება, სადაც პოლიციელი ყელსაბამზეა გამობმული. 

"დაკავების შემდეგ, დაკითხვაზე მყოფმა ორმა სხვადასხვა ადამიანმა მითხრა, რომ "კლიპის თემაა" - ამბობს ტაბულასთან საუბარში მგალობლიშვილის ახლობელი, რომელსაც ვინაობის დასახელება არ სურს. მისივე თქმით, დაკავების წინა დღეს მიშკა მგალობლიშვილს კლიპის Youtube-დან აღება მოსთხოვეს.

Young Mic მაშინ დააკავეს, როდესაც ის ტელეკომპანია იმედის შენობიდან გამოდიოდა, მანქანაში ჩასვეს და განყოფილებაში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებულს აბები ამოუღეს და უთხრეს, რომ მისია და ბრალს ამის გამო წარუდგენდნენ. ტაბულასთან საუბარში მგალობლიშვილის ახლობელი ამბობს, რომ "მიშკა ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს, არ ეწევა, არ სვამს, ვარჯიშობს, ხოლო მისი სახლის ჩხრეკისას პოლიციამ საეჭვო ვერაფერი ვერ იპოვა".

დაკავებულის ოჯახის წევრებს მიშკა მგალობლიშვილის ნახვის საშუალება არ აქვთ. მათ ზუსტად არც ის იციან, რომელი მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენას ედავებიან დაკავებულს.

ტაბულა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და პროკურატურასთან დაკავშირებას ცდილობს. მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

კომენტარები