სასაზღვრო პოლიცია

მუხთარლის გატაცებამდე სასაზღვრო პოლიციის უფროსს გენერლის წოდება მიანიჭეს

სასაზღვრო პოლიცია

სასაზღვრო პოლიციის უფროს დათო ნიკოლეიშვილს 22 მაისს გენერლის წოდება მიანიჭეს. ბრძანებას ხელს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აწერს.

ტაბულას კითხვაზე, რა დამსახურებისთვის მიენიჭა ნიკოლეიშვილს გენერლის წოდება, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უპასუხეს, რომ პირს მთავრობა წარადგენს, პრეზიდენტი კი ბრძანებას ხელს აწერს.

თავდაცვის სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ გენერლობაზე სასაზღვრო პოლიციის უფროსი მათ არ წარუდგენიათ. ტაბულა დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროსაც - მათ ინფორმაცია ჯერ არ მოუწოდებიათ.

აღსანიშნავია, რომ სასაზღვრო პოლიციის უფროსისთვის გენერლის წოდების მინიჭებიდან რამდენიმე დღეში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი გაიტაცეს. შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, მუხთარლი მწვანე საზღვარზე დააკავეს, როდესაც ბელაქანის რაიონის მიმართულებით მიდიოდა და დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხა მიჰქონდა. მინისტრმა თქვა, რომ მესაზღვრის გვერდის ავლით საზღვრის გადაკვეთის ალბათობა დაბალია, მაგრამ შესაძლებელი.

საზოგადოებაში გაჩნდა ეჭვი, რომ აფგან მუხთარლის გატაცებაში ქართული სპეცსამსახურები მონაწილეობდნენ, თუმცა, ხელისუფლება ამას კატეგორიულად უარყოფს.

კომენტარები