აფგან მუხთარლის საქმე

აფგან მუხთარლი საქართველოს ხელისუფლებას ვიდეოჩანაწერების გასაჯაროებას სთხოვს

აფგან მუხთარლი
Azadliq.org

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხტარლი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მისი გატაცების ადგილზე და სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე დამონტაჟებული კამერების ჩანაწერები გაასაჯაროოს. აფგან მუხთარლის მტკიცებით, სწორედ კადრების გასაჯაროების შემთხვევაში დადასტურდება, რომ საქართველოს სპეცსამსახურებმა იგი აზერბაიჯანელ კოლეგებს გადასცეს. მიმართვა მისმა ადვოკატმა ელჩინ სადიყოვმა გაავრცელა. 

„საქართველოს ხელისუფლებისგან ჩვენ კამერების ჩანაწერების გადმოცემას და მათ გასაჯაროებას ვითხოვთ.

ამასთან, აფგან მუხთარლის აზერბაიჯანში საქართველოს ელჩთან უნდა შეხვედრა და ვითარებაში გარკვევა. ამჟამად იგი თავს ნორმალურად გრძნობს. ჩვენ მოვითხოვეთ შიდაპატიმრობა და გირაო. შესაძლოა, მომდევნო კვირაში სასამართლომ ამ თემაზე იმსჯელოს. მომავალ კვირას მეც ჩამოვალ საქართველოში. თავად მინდა იმ ტერიტორიის დათვალიერება, საიდანაც აფგან მუხთარლი ჯერ გაიტაცეს, შემდეგ კი აზერბაიჯანულ მხარეს გადასცეს,” - განაცხადა ადვოკატმა ელჩინ სადიყოვმა რუსთავი 2-ის ცნობით.

აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი აფგან მუხთარლი 29 მაისს გაიტაცეს. ადვოკატის ინფორმაციით, დამკავებლებს თავი არ წარუდგენიათ, თუმცა, მუხთარლის აზრით, ისინი საქართველოს სპეცსამსახურების თანამშრომლები იყვნენ. როგორც აფგან მუხთარლის ადვოკატი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს ტომარა ჩამოაცვეს. მუხთარლის თქმით, მესამე მანქანაში აზერბაიჯანულად ლაპარაკობდნენ. აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ჰყვება, რომ, როცა მას ტომარა მოხსნეს, ის აზერბაიჯანის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში იმყოფებოდა. მუხთარლის თქმით, მას 10 ათასი ევრო ჩაუდეს. აზერბაიჯანის ხელისუფლება საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა, კონტრაბანდისა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებებს უყენებს.

ამჟამად მუხთარლი 3-თვიანი წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. თბილისსა და აზერბაიჯანში კი საპროტესტო აქციები იმართება. 

როგორც ცნობილია, საქართველოში ცხოვრების დროს აფგან მუხთარლი და ლეილა მუსტაფაევა აქტიურად წერდნენ აზერბაიჯანის ხელისუფლებისა და ილჰამ ალიევის ოჯახის ბიზნესინტერესებისა და კორუფციული სქემების, ასევე აზერბაიჯანში პოლიტიკური დევნის პრაქტიკაზე.

კომენტარები