აფგან მუხთარლის საქმე

მუხთარლის ადვოკატის თქმით, ჟურნალისტის მდგომარეობა მძიმეა

Rustavi 2

თბილისიდან გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის ადვოკატი თბილისში იმყოფებოდა. ჟურნალისტებთან საუბრისას, ის იმ დეტალებს ყვება, რაც მას მუხთარლიმ მიაწოდა. 

კერიმლის თქმით, აფგან მუხთარლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა ამის მიუხედავად, მასთან წითელი ჯვრის წარმომადგენელი არ შეუშვეს. 

"სახლში რომ ბრუნდებოდა, აფგან მუხთარლიმ ჯერ თავის მეგობარს დაურეკა, შემდეგ კი მეუღლეს, რომელსაც ჰკითხა, ხომ არ სჭირდებოდათ პური ან რაიმე. პურისთვის მაღაზიაში შევიდა, იყიდა და გზა სახლისკენ განაგრძო. სახლს რომ მიუახლოვდა, მის წინ მანქანა გაჩერდა და პოლიციის ფორმაში ჩაცმული 3 ადამიანი გადმოვიდა. მათ თან ახლდა კიდევ ერთი პირი, რომელიც სამოქალაქო ტანსაცმელში იყო გამოწყობილი. მათ მუხთარლი ძალით ჩასვეს მანქანაში, სცემეს და დაზიანებები მიაყენეს. მან წინააღმდეგობის გაწევა სცადა, რაც ხელახალი ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებით დასრულდა. როგორც აფგანი ამბობს, მანქანა, რომელშიც ის ჩასვეს, ოპელის მარკის იყო. 

თავზე ტომარაწამოცმული მუხთარლი ვერ მიხვდა, სად მიდიოდნენ, თუმცა მიხვდა, რომ ქალაქი დატოვეს. როგორც აფგან მუხთარლი ამბობს, გამტაცებლები ძირითადად ჩუმად იყვნენ, მხოლოდ რამდენიმე სიტყვა თქვეს, მაგრამ ის მიხვდა, რომ ქართულად საუბრობდნენ. შემდეგ სხვა მანქანაში გადასხდნენ, სადაც უკვე აზერბაიჯანული საუბარი გაისმა. მანქანიდან რომ გადმოიყვანეს და ოთახში შეიყვანეს, მუხთარლი უკვე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იმყოფებოდა. მან სასაზღვრო დეპარტამენტის განყოფილება იცნო. შემდეგ ვიღაცას მოახსენეს, რომ აფგან მუხთარლი უკვე მათ ხელში იყო. მეორე დღეს ის ბაქოში წაიყვანეს,"- ყვება ადვოკატი. 

დღეს ორთაჭალის პროკურატურამ აფგან მუხთარლის ცოლი ლეილა მუსტაფაევა გამოკითხვაზე დაიბარა. მუსტაფაევამ გამოძიებას უთხრა, რომ მუხთარლი ნიაღვრის ქუჩაზე გაიტაცეს. 

მუხთარლის ცოლსა და ადვოკატს სურთ, რომ საქმე არა ორთაჭალის პროკურატურამ, არამედ მთავარმა პროკურატურამ გამოიძიოს. 

დღეს ლეილა მუსტაფაევამ პრემიერმინისტრის შეთავაზებაზე, რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა, უარი განაცხადა

აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი აფგან მუხთარლი 29 მაისს გაიტაცეს. მუხთარლის თქმით, მას 10 ათასი ევრო ჩაუდეს. აზერბაიჯანის ხელისუფლება მას საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში, კონტრაბანდის გადატანაში და სამართალდამცველებისთვის ძალადობრივი წინააღმდეგობის გაწევაში ადანაშაულებს. 

ამჟამად ის 3-თვიანი წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. თბილისსა და აზერბაიჯანში კი საპროტესტო აქციები იმართება. 

როგორც ცნობილია, საქართველოში ცხოვრების დროს აფგან მუხთარლი და ლეილა მუსტაფაევა აქტიურად წერენ აზერბაიჯანის ხელისუფლებისა და ილჰამ ალიევის ოჯახის ბიზნესინტერესებისა და კორუფციული სქემების, ასევე აზერბაიჯანში პოლიტიკური დევნის პრაქტიკაზე.

კომენტარები