ანაკლიის პორტი

ქეთევან ბოჭორიშვილი ანაკლიაში ახალი ქალაქის "ანაკლია სითის" პროექტს უხელმძღვანელებს

ქეთევან ბოჭორიშვილი
ტაბულა

ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ქეთევან ბოჭორიშვილმა თანამდებობა დატოვა. ბოჭორიშვილი კომპანია "ანაკლია სითის" გენერალური დირექტორი გახდა, სწორედ აღნიშნული კომპანია ანაკლიის პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი ქალაქის პროექტს განახორციელებს. ამ კომპანიის თანადამფუძნებლები "თიბისი ჰოლდინგი" და "კონტი ჯგუფი" არიან. ამავე კომპანიებმა დააფუძნეს "ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" და ანაკლიაში ღრმაწყლოვან პორტის მშენებლობისა და განვითარების პროექტს ახორციელებენ.   

"ერთ-ერთი ყველაზე დიდი საინვესტიციო პროექტია, რომელიც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ქალაქის გაშენებას გულისხმობს. ვფიქრობ, ამ ახალი როლით შევძლებ კიდევ უფრო წარმატებული პროექტების განხორციელებას. რაც შეეხება ეკონომიკის მინისტრის მოადგილეობას, მუდმივი არაფერია", - ინტერპრესნიუსთან ამბობს ბოჭორიშვილი.

ქალაქი ანაკლიის ფართობი 1000 ჰექტარი იქნება. პროექტის საერთო ღირებულება $2.5 მილიარდია და ის ქვეყანაში ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო პროექტია. 

ქეთევან ბოჭორიშვილი ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ 2012 წლის ივლისში დაინიშნა. იქამდე 2010-2012 წლებში ის საქართველოს სახელმწიფო საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელობდა.

კომენტარები