სტრასბურგის სასამართლო

კომისია ევრომოსამართლეობის მსურველებს არჩევს - 5 კანდიდატი დღეს გახდება ცნობილი

იუსტიციის სამინისტრო

იუსტიციის სამინისტროში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს. მოსამართლეობის კანდიდატების 5-კაციანი სია, რომელიც მთავრობას გადაეგზავნება, დღეს გახდება ცნობილი.

დღეს კომისია 12 კანდიდატს გაესაუბრება. ესენი არიან: თამარ ალანია, სოფო ჯაფარიძე, შოთა გეწაძე, ლუიზა ხითარიშვილი, იოსებ ბაჩიაშვილი, ერიკ სვანიძე, ლევან მესხორაძე, ლადო ჭანტურია, თამარ გაბისონია, კონსტანტინე ვარძელაშვილი, მაია კვირიკაშვილი და ქეთევან მესხიშვილი.

27 მაისს კომისია გაესაუბრა: ირაკლი ადეიშვილს, კოსტანტინე კორკელიას, ნინო ბექაურს, თამარ ალექსიძეს, ბესარიონ ბოხაშვილს, რუსუდან კემულარიას, ნატალია გელაძეს, დავით ჯანდიერს, ვერა დობორჯგინიძეს, ირაკლი დონდოლაძეს და ნიკოლოზ ლეგაშვილს.

ამასთან, იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან გასაუბრება 27 მაისს 14.30 საათზე უნდა შემდგარიყო, მაგრამ კანდიდატი კონკურსს საკუთარი ნებით გამოეთიშა და წერილობით დაადასტურა, რომ აღარ სურს მასში მონაწილეობა.

კანდიდატთა შერჩევის პროცედურა:

კომისიის თითოეული წევრი კანდიდატს გასაუბრების დღესვე შეაფასებს და მიანიჭებს მას ქულას; კომისიის წევრების მიერ მინიჭებული ქულების მიხედვით, კომისიის სამდივნო გასაუბრების დღესვე გამოიყვანს თითოეული კანდიდატის საშუალო ჯამურ ქულას, რომლის საფუძველზეც, კანდიდატთა სქესის შესაბამისად, შედგება ორი სია. ჯამური ქულების გამოყვანის პროცესზე დასწრება შეუძლიათ შესარჩევი კომისიის წევრებს, როგორც ეს იყო წინა კონკურსის დროსაც. სამდივნოს მიერ კომისიის წევრების მიერ დაწერილი ქულების დაჯამების შედეგად შედგენილი ორი სიის საფუძველზე შედგება საბოლოო, 5-კანდიდატიანი სია, რომელშიც ორივე სიიდან შევლენ საუკეთესო შედეგების მქონე კანდიდატი ქალები და მამაკაცები. ევროპის საბჭოს სტანდარტის შესაბამისად, სია უნდა იყოს გენდერულად დაბალანსებული. კანდიდატთა ხუთპირიან სიას სამდივნო გააცნობს კომისიის წევრებს, ხოლო კომისიის თავმჯდომარე კომისიის სახელით წარუდგენს საქართველოს მთავრობას. საქართველოს მთავრობა წარდგენილი კანდიდატებიდან შეარჩევს ნებისმიერ სამ კანდიდატს, რომელთა ვინაობა და საბუთები თავდაპირველად წარედგინება ევროსაბჭოს ექსპერტებისგან შემდგარ მრჩეველთა პანელს, რომელიც შექმნილია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეზოლუციის საფუძველზე და გასცემს რეკომენდაციას იმის შესახებ, აკმაყოფილებენ თუ არა წარდგენილი კანდიდატები კონვენციით დადგენილ მოთხოვნებს. ამის შემდეგ სია გადაეცემა შესაბამის კომიტეტს, რომელიც კენჭს უყრის სიის მისაღებობას და, დადებითი კენჭისყრის შემთხვევაში, მოუსმენს სამივე კანდიდატს. გასაუბრებების შემდეგ კომიტეტი რეკომენდაციას გაუწევს ერთ ან მეტ კანდიდატს. პროცედურის დასასრულ, კანდიდატთა სამპირიანი სია წარედგინება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, რომელიც ირჩევს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეს.

სპეციალური სამთავრობო კომისიის შემადგენლობა:

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 თებერვლის დადგენილებით დამტკიცებული სპეციალური სამთავრობო კომისიის შემადგენლობაში არიან:

საქართველოს იუსტიციის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე − თეა წულუკიანი;

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე − დავით ზალკალიანი;

საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი − შალვა თადუმაძე;

საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორი წარმომადგენელი, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე − მამუკა ვასაძე;

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე წარმომადგენელი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე − მზია თოდუა;

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე წარმომადგენელი, საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი − მერაბ გაბინაშვილი;

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე წარმომადგენელი, თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი − დიმიტრი გვრიტიშვილი;

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წარმომადგენელი; კომიტეტის თავმჯდომარე − სოფიო კილაძე;

საქართველოს სახალხო დამცველი ან მისი წარმომადგენელი − უჩა ნანუაშვილი;

 

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც ევროსასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევმა კომიტეტმა საქართველოს მიერ წარდგენილი სამივე კანდიდატი ჩააგდო, საქართველოს ხელისუფლება კონკურსს თავიდან ატარებს და სტრასბურგში ახალი კანდიდატების სიას გაგზავნის.

მოსამართლეობის მსურველთათვის განაცხადების შეტანის ბოლო დღე 14 მარტს უნდა ყოფილიყო, თუმცა, სწორედ ამ დღეს გახდა ცნობილი, რომ ამ ვადამ ერთი თვით გადაიწია. ტაბულას წყაროს ინფორმაციით, შესაძლოა ვადის ცვლილება უკავშირდებოდეს იმას, რომ კონკურსში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ყოფილმა მოადგილე კონსტანტინე ვარძელაშვილმა. მათ შესაბამისი დოკუმენტაცია სწორედ განაცხადების შეტანის ბოლო დღეს, 14 მარტს წარადგინეს. არის თუ არა ვადის გადაწევის მიზეზი პაპუაშვილისა და ვარძელაშვილის გადაწყვეტილება, უცნობია. იურისტები საუბრობენ იმაზეც, რომ შესაძლოა განაცხადების შეტანის ბოლო ვადის შეცვლა კანდიდატების მცირე რაოდენობას უკავშირდებოდეს.

კომენტარები