ენერგეტიკა

არჩილ გაჩეჩილაძე: მესტიასა და გურიაში ჯამში 107-მეგავატიანი ჰესების აშენებას ვგეგმავთ

არჩილ გაჩეჩილაძე
facebook.com/galtandtaggart

Georgia Global Utilities-ს მესტიასა და გურიაში ორი ახალი ჰიდროელექტროსადგურის აშენებას გეგმავს. კომპანიის ხელმძღვანელმა არჩილ გაჩეჩილაძემ ტაბულასთან საუბარში განაცხადა, რომ მესტიის ჰესის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით $50 მილიონია და მისი ექსპლოატაციაში შესვლა 2018 წლის დეკემბერშია დაგეგმილი.

"შედარებით მსხვილ ჰესს ვიწყებთ ახლა, ეს არის 50-მეგავატიანი მესტია ჭალა, საკმაოდ მალე გვექნება მშენებლობის გახსნა. ვგეგმავთ საკმაოდ სწრაფად ამ პროექტის აშენებას, და 2018 წლის დეკემბერში ვუმიზნებთ უკვე ამ პროექტის ექსპლოატაციაში შესვლას. 

ამას გარდა საკმაოდ წინ ვართ წასულები გურიაში 57-მეგავატიანი ჰესის პროექტზე. ეს არის ზოტის ჰესი და მალე გადავწყვიტავთ ამ პროექტზე რამდენად წინ წავალთ და როგორ დავაფინანსებთ ამ პროექტს. 

პროექტის 2/3 ფინანსდება მოზიდული საკრედიტო სახსრებით დონორებისგან, ეს შეიძლება იყოს EBRD, IFC და სხვა. დაახლოებით 1/3-ს ვდებთ ჩვენ და ჩვენი ავსტრიელი პარტნიორები. 

თითონ მესტია ჭალის პროექტი არის დაახლოებით $65 მილიონიანი პროექტი, რაც საკმაოდ ეფექტურად ითვლება 50-მეგავატიანი ჰესისთვის, ზოტის პროექტი კი დაახლოებით $80 მილიონიანია", - ამბობს გაჩეჩილაძე.

Georgia Global Utilities საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO) წევრი კომპანიაა, მისი უმსხვილესი აქტივებია: Georgian Water & Power-ი, ჟინვალჰესი და კიდევ რამდენიმე ჰიდროელექტროსადგური.

კომპანია ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასვლისთვის ემზადება. არჩილ გაჩეჩილაძის თქმით, IPO 2019 წლისთვისაა დაგეგმილი. ჯერ ჯერობით უცნობია თუ რა მოცულობის კაპიტალი განთავსდება ლონდონის ბირჟაზე.

კომენტარები