აუდიტის სამსახური

აუდიტის ანგარიში: აუცქიონი ჩატარდა ისე, რომ გამარჯვებული ფარცხალაძე ყოფილიყო

გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია
ტაბულა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ოთარ ფარცხალაძისთვის მიწების გადაცემაზე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში საუბარია სხვადასხვა საეჭვო გარემოებაზე, რაც ფარცხალაძის კომპანიის საქმიანობას უკავშირდება. 

ანგარიშის მიხედვით, კომპანია ბი ეს არ-სი დი ჯი იქამდე სანამ მისი მესაკუთრე ოთარ ფარცხალაძე გახდებოდა მდინარე ვერეს ხეობაში ფლობდა 3.2 ათასი კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთს. 2011 წელს ამ ნაკვეთზე ახალმა გზამ გაიარა, კომპანია ამ ზარალის ფულად ანაზღაურებას მერიისგან 2012 წლიდან ითხოვდა. აუდიტის შუალედური ანგარიშის მიხედვით, მაშინ მერიამ კომპანიას ზარალი არ აუნაზღაურა. კომპანიას ზარალი მხოლოდ 2016 წელს, მას შემდეგ აუნაზღაურდა, რაც მისი ხელმძღვანელი ოთარ ფარცხალაძე გახდა. 

"მერიამ მოლაპარაკების და ზარალის ანაზღაურების პროცესი წარმართა იმგვარად, რომ საბოლოო ჯამში კომპანიას ზარალი აუნაზღაურა 4 წლის დაგვიანებით და გაცილებით მეტ თანხაზე, კერძოდ გადასცა 2 615 100 ლარის ღირებულების მიწები.

2016 წლის 27 ივლისს შპს „ბი ეს არ - სი დი ჯი დეველოპმენტის“ 100%-იანი წილის მფლობელმა და დირექტორმა ოთარ ფარცხალაძემ წერილით მიმართა თბილისის მერიას: „ჩვენი კომანია ფლობს უძრავ ქონებას (ს/კ 01.14.15.001.316 და ს/კ 01.14.15.001.314), რომელზეც დაგეგმილი აქვს სამშენებლო პროექტების განხორციელება. აღნიშნული პროექტის განხორციელებაში საინტერესო არის ჩვენი ნაკვეთების მომიჯნავედ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 01.14.15.001.315 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე გთხოვთ აუქციონის ფორმით შეგვასყიდოთ ნუცუბიძის ქუჩასა და ინტენსიფიკაციის გზას შორის არსებული 3 557 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა, სადაც განთავსებულია მ. ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის კოსმოფიზიკური ობსერვატორია. კომპანია იღებს ვალდებულებას ს/კ 01.14.15.001.315 რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე აუქციონში გამარჯვებიდან 2 წლის ვადაში ააშენოს 200 კვ.მ ცალკე მდგომი შენობა- ნაგებობა; გადაიტანოს ძველ შენობაში არსებული ინსტიტუტის ფუნქციონირებისათვის საჭირო ტექნიკა, სადაც შემდგომში განთავსდება ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის კოსმოფიზიკური ობსერვატორია და აღნიშნულ ფართს კომპანია შენობა- ნაგებობის ექსპლოატაციაში მიღებიდან ერთი თვის ვადაში უსასყიდლოდ გადასცემს საკუთრებაში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტს.“

2016 წლის 31 აგვისტოს მუნიციპალიტეტმა შპს-ს მიერ მოთხოვნილ ქონებაზე გამოაცხადა აუქციონი. აუქციონზე გამოტანილი იქნა 3 557 კვ.მ მიწის ნაკვეთი მასზე დამაგრებული 625.6 კვ.მ შენობა-ნაგებობით, საწყისი ღირებულებით 961 000 ლარი. აღნიშნული ქონების შეფასება განხორციელდა აუდიტორული ფირმა შპს „კომპაუდის“ დასკვნის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც 1 კვ.მ მიწის ღირებულება შენობა-ნაგებობით განისაზღვრა 274 ლარად. აღსანიშნავია, რომ პრივატიზებული ფართის მომიჯნავედ 1 კვ.მ მხოლოდ მიწის ნაკვეთის ღირებულება, სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, 2016 წლის 11 მარტის მდგომარეობით შეადგენდა - 464 ლარს. შესაბამისად თუ გავითვალისწინებთ 1კვ.მ მიწის ღირებულებად 464 ლარს, ფასი მხოლოდ 3 557 კვ.მ მიწის შემთხვევაში (შენობა-ნაგებობების გარეშე) იქნებოდა 1 650 400 ლარი18. გამოცხადებულ აუქციონში მოთხოვნილი იყო შემდეგი აუცილებელი პირობები:

  1. მომიჯნავე საკადასტრო ერთეულთან გაერთიანება;
  2. აუქციონის ჩატარებიდან არაუმეტეს ორი წლის ვადაში 200 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ცალკე შენობის აშენება ან არსებული შენობის 200 კვ.მ რეკონსტრუქცია და შემდგომში მუნიციპალიტეტისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა; 

გამოცხადებული აუქციონი ჩატარდა უკონკურენტო გარემოში და მონაწილეობა მიიღო მხოლოდ შპს „ბი ეს არ - სი დი ჯი დეველოპმენტმა“19, რომელმაც შეიძინა აღნიშნული ქონება, ღირებულებით - 975 400 ლარი20. არსებობს რისკი, რომ უკონკურენტო გარემოსა და შპს „ბი ეს არ - სი დი ჯი დეველოპმენტის“ გამარჯვებას ხელი შეუწყო აუქციონის პირობამ, რომლის მიხედვითაც აუცილებელი მოთხოვნა იყო მომიჯნავე საკადასტრო ერთეულთან გაერთიანება. აღსანიშნავია, რომ მომიჯნავე საკადასტრო ერთეულს უკვე ფლობდა შპს „ბი ეს არ - სი დი ჯი დეველოპმენტი“, რომელიც გაცვლის შედეგად მიღებული ჰქონდა მერიისგან",- წერია აუდიტის შუალედურ ანგარიშში. 

კომენტარები