აუდიტის სამსახური

აუდიტი: ზუგდიდის მერიის და საკრებულოს 44 მანქანაში ავზის მოცულობაზე მეტი საწვავი 863-ჯერ ჩაასხეს

Reuters

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნით, 2019- 2020 წლებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში სამსახურებრივი მოვალეობის დროს გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატებოდა რეკომენდირებულ ზღვრულ ოდენობას.

კერძოდ, ნაცვლად 10 სამორიგეო მანქანისა, მუნიციპალიტეტი სარგებლობდა ბალანსზე რიცხული 22 სამორიგეო მანქანით და 169 კერძო საკუთრებაში არსებული ავტომობილით. წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, 2019-2020 წლებში მუნიციპალიტეტის მიერ გაიხარჯა 601.2 ათასი ლარის ღირებულების საწვავი, მათ შორის: 228.5 ათასი ლიტრი ბენზინი, ღირებულება − 442.5 ათასი ლარი და 77.0 ათასი ლიტრი დიზელი, ღირებულება − 158.7 ათასი ლარი. 

აუდიტის ჯგუფმა შეისწავლა ავტომობილებზე საწვავის ხარჯვის დოკუმენტაცია, მათ შორის აგაი სისტემის მონაცემები. გამოიკვეთა, რომ რიგ შემთხვევებში, ავტოსატრანსპორტო საშუალებებში ერთჯერადად ჩასხმულია ავტომობილების ავზის მოცულობაზე მეტი ოდენობის საწვავი. კერძოდ, გამოვლინდა 44 ავტომანქანაზე ავტომობილის ავზის მოცულობაზე გადაჭარბებით საწვავის ჩასხმის 863 შემთხვევა.

"მუნიციპალიტეტის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება დადგენილებით რეკომენდებულ ზღვრულ ოდენობას. მერიაში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიერ საწვავის ხარჯვის პროცესში არსებული კონტროლის მექანიზმები სრულად ვერ უზრუნველყოფს საწვავის მიზნობრივი ხარჯვის ეფექტიან კონტროლს".- ვკითხულობთ ანგარიშში. 

მათივე ცნობით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის წინა აუდიტის პერიოდშიც გამოვლინდა მსგავსი ხარვეზები, თუმცა მიუხედავად ამისა, მერიამ არც 2019-2020 წლებში გაითვალისწინა აუდიტის სამსახურის რეკომენდაცია.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის შედეგები 14 იანვარს გამოაქვეყნა, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ 2020 წელს ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის მართვის ცენტრში 6 მოლარე-კონსულტანტი იყო დასაქმებული, თუმცა ბაღში შესვლა უფასოა.

კომენტარები